შეხვედრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებთან
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) იმყოფებოდნენ. შეხვედრა, რომელსაც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ნინო ნიავაძე უძღვებოდნენ, უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაიმართა.
დავით ონოფრიშვილმა ყურადღება გაამახვილა დაზღვევის მნიშვნელობაზე და მის როლზე ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე მან ინფორმაცია მიაწოდა სტუდენტებს სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკაზე, თუ როგორ მუშაობს სადაზღვევო ინდუსტრია. ნინო ნიავაძემ სტუდენტებს გააცნო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციები და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკანონმდებლო ჩარჩო. ამასთან, ყურადღება გამახვილდა თუ რა უფლებები აქვს დაზღვევის მომხმარებელს მზღვეველთან ურთიერთობის თითოეულ ეტაპზე და რომელ მნიშვნელოვან ინფორმაციას უნდა გაეცნოს მომხმარებელი დაზღვევის ხელშეკრულების დადებამდე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სადაზღვევო ინდუსტრიაში კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე, მათ შორის, სამსახურში დასაქმების პერსპექტივაზე.
სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია, რაც მათ მომავალში უფრო ინფორმირებული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. მათ ასევე დასვეს კითხვები და აქტიურად იყვნენ ჩართული გამართულ დისკუსიაში.
შეხვედრა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში გაიმართა, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ფინანსური ცნობიერების ამაღლებას.
