„საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს“ 2025 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) მეშვიდე დაჯილდოების ცერემონიაზე 2025 წლის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. BARTA-ს ჯილდო მიზნად ისახავს კომპანიების წახალისებას საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით, რასაც შედეგად უფრო მეტად გამჭვირვალე და კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნა მოჰყვება.
წლევანდელი ღონისძიების ორგანიზატორი BARTA-ს კომიტეტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის და ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმის დაინტერესებულ მხარეთა ფონდის წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. ღონისძიების მხარდამჭერები მსოფლიო ბანკი და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არიან.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა.
როგორც დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა განაცხადა, ღონისძიების მნიშვნელობას, არა მხოლოდ გამარჯვებულების გამოვლენა წარმოადგენს, არამედ, კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას იმ ღირებულებებს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ეფუძნება.
“ეს არის სანდო ფინანსური სისტემა და მდგრადი ბიზნესს გარემო, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობიანი კორპორაციული მმართველობა. სწორედ ამ ღირებულებების გაძლიერებას ემსახურება საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო - BARTA, რომელსაც საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური უკვე წლებია აქტიურად უჭერს მხარს. BARTA არ არის მხოლოდ კონკურსი - ეს არის მკაფიო გზავნილი ბაზრისთვის, რომ მაღალი სტანდარტები ფასდება, ხოლო გამჭვირვალე და პასუხისმგებლობიანი საქმიანობა რეალურ უპირატესობად იქცევა. ჩვენი მიზანია - ქართული კომპანიების ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება, ჯანსაღი კონკურენციის წახალისება და ინვესტორთა ნდობის გაძლიერება, რაც საბოლოოდ თითოეული მომხმარებლის დაცვასა და ფინანსურ უსაფრთხოებას ემსახურება.
ფინანსური გამჭვირვალობა სადაზღვევო სისტემისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და არის ერთ-ერთი მთავარი მდგენელი, რადგან დაზღვევა ნდობაზე დაფუძნებული სისტემაა და მის მდგრადობას სწორედ ღია, გასაგები და პასუხისმგებლობიანი ანგარიშგება განსაზღვრავს. ამიტომ, მსგავსი ინიციატივები პირდაპირ ეხმიანება ჩვენი სამსახურის მისიას - ხელი შეუწყოს სანდო, სტაბილური და მომხმარებელზე ორიენტირებული სადაზღვევო სექტორის განვითარებას”, - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსია „შესაბამისობის მიღმა: კორპორაციული ანგარიშგების ხარისხის ამაღლება მმართველობისა და მდგრადობის მიმართულებით“, რომელშიც სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე მონაწილეობდა.
BARTA-ს პროგრამა ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების გაუმჯობესების მხარდაჭერით ოპერირებს. პროექტის განვითარებას ვენაში მდებარე მსოფლიო ბანკის ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი უზრუნველყოფს. მისი თანადამფინანსებლები ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო, შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნო და ავსტრიის განვითარების სააგენტო არიან.
კონკურსი 2019 წელს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის „ფინანსური ჩართულობა და ანგარიშვალდებულება“ ფარგლებში შეიქმნა.
BARTA-ს წლევანდელი კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში გამოვლინდნენ:
მსხვილი საფინანსო კომპანიების კატეგორია
საპატიო ჯილდო: ბაზისბანკი
საუკეთესო მდგრადობის ანგარიში: სს მიკრობანკი კრისტალი
გამარჯვებული: სს საქართველოს ბანკი
მსხვილი არასაფინანსო კომპანიების კატეგორია
საპატიო ჯილდო: თეგეტა მოტორსი
საუკეთესო მდგრადობის ანგარიში: სს თელასი
გამარჯვებული: სს სილქნეტი
მცირე და საშუალო კომპანიების კატეგორია
საპატიო ჯილდო: სს მიკრობანკი MBC
საუკეთესო მდგრადობის ანგარიში: ლისი დეველოპმენტი
გამარჯვებული: თიბისი ლიზინგი
