სიახლეები

მთავარი > სიახლეები
04.06.2024

პროფესორ კარელ ვან ჰულეს სამუშაო შეხვედრები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის მოწვევით, 2024 წლის 2-5 ივნისს, საქართველოს სტუმრობდა ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტისა და ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი, კარელ ვან ჰულე, რომელმაც რამდენიმე დღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა სამსახურის თანამშრომლებთან.

პროფესორი ჰულე არის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი, აკადემიური წრის წარმომადგენელი/ლექტორი. იგი 1984 წელს შეუერთდა ევროკომისიას, სადაც პასუხისმგებელი იყო ანგარიშგების, აუდიტისა და კორპორატიული სამართლის საკითხებზე. 2004-2013 წლებში, პროფესორი ჰულე ევროკომისიაში ხელმძღვანელობდა დაზღვევისა და საპენსიო მიმართულებებს. მის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად ითვლება დაზღვევისა და გადაზღვევის კომპანიებისათვის რისკზე დაფუძნებული გადახდისუნარიანობა 2-ის ახალი რეჟიმის შემუშავება (SOLVENCY II). ამ საკითხებზე იგი წარმოადგენდა ევროკომისიას ევროპის სადაზღვევო და პროფესიული საპენსიო უზრუნველყოფის ორგანოში (EIOPA). ამასთან, იგი იყო დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS) ტექნიკური კომიტეტის წევრი, რომელიც პასუხისმგებელია სადაზღვევო რეგულირების საერთაშორისო მიდგომებზე.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს „დაზღვევისა და გადაზღვევის საქმიანობის დაწყებისა და ფუნქციონირების შესახებ“ (SOLVENCY II) ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2009 წლის 25 ნოემბრის 2009/138/EC დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცი. აღნიშნული ითვალისწინებს რისკზე დაფუძნებული გადახდისუნარიანობის სისტემაზე გადასვლას, რომლის მოთხოვნები, ახალი კანონის მიღების შემდეგ, შესასრულებლად სავალდებულო გახდება საქართველოში ლიცენზირებული სადაზღვევო და გადაზღვევის კომპანიებისთვის. ამავე დროს, სამსახურს მოუწევს შესაბამისი საზედამხედველო მიდგომების დანერგვა და გამოყენება, რისთვისაც ეტაპობრივად ხდება თანამშრომლების სათანადო მომზადება.

სამუშაო შეხვედრებისას, პროფესორმა ჰულემ პრეზენტაციები წარმოადგინა ევროკავშირში არსებული გადახდისუნარიანობა 2-ის სისტემაზე და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის: საქართველოში რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის და გადახდისუნარიანობის კაპიტალის რეჟიმის დანერგვა; საკუთარი რისკისა და გადახდისუნარიანობის შეფასება; მცირე და სისტემური მზღვეველები; კომპანიის მართვაზე პასუხისმგებელი პირების შესაფერისობის შეფასება და ძირითადი მმართველობის ფუნქციები გადახდისუნარიანობა 2-ის ფარგლებში.

სამსახურის წარმომადგენლებისთვის ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, ახალი სისტემისა და მისი თავისებურებების შესახებ ინფორმაცია მოესმინათ უშუალოდ იმ პირისგან, რომელმაც იგი შეიმუშავა ევროკავშირის ქვეყნებისთვის. შეხვედრის ფარგლებში მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, პირადად დაესვათ შეკითხვები განსახილველი თემატიკის ირგვლივ, ახალი სისტემის დანერგვის თავისებურებების გათვალისწინებით.