სიახლეები

მთავარი > სიახლეები
15.03.2024

მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მარეგულირებელი უწყებების პირველი პირები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ბათუმის მერიის, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

 

აქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია რომ წელს, კვირეული უფრო ფართო ფორმატით გაიმართა და თბილისის გარდა, სამი რეგიონის დიდი ქალაქი - გურჯაანი, ქუთაისი და ბათუმი მოიცვა: მომხმარებლის უფლებების ეფექტური დაცვისათვის აუცილებელია, როგორც თანამედროვე საკანონმდებლო ბაზის არსებობა, ასევე, მომხმარებლის ინფორმირება მისი უფლებების თაობაზე. მნიშვნელოვანია თითოეულმა მომხმარებელმა იცოდეს თუ ვის ან როგორ უნდა მიმართოს, რომ დაიცვას საკუთარი უფლებები - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა. კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებს მიეწოდათ ინფორმაცია, დაზღვევის სფეროში მათი უფლებების შესახებ და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილების თაობაზე.

 

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ 11-15 მარტს მომხმარებელთა დაცვის კვირეულის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგები შეაჯამა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა: ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველომ მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროს გაძლიერების ვალდებულება იკისრა. მომხმარებელთა უფლებების ეფექტიანი დაცვის, მათი ინფორმირებული არჩევანის თვალსაზრისით საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერება გადამწყვეტია. ამას ემსახურება სწორედ კვირეულის ფარგლებში ექვსი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით დაგეგმილი შეხვედრები მიზნობრივ აუდიტორიასთან, რომელიც დღეს, 15 მარტს - მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღეს ბათუმში მომხმარებელთან შეხვედრის ფარგლებში შედგა - განაცხადა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრაზე.

 

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, აუცილებელია, რომ თითოეული მოქალაქე იყოს ინფორმირებული საკუთარ უფლებებზე როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში, ასე სხვა სექტორებში: მომხმარებლის უფლების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება ექვსი მარეგულირებელი კომისიის ორგანიზებით გამართული საერთაშორისო კვირეული. მოგეხსენებათ, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, მიმდინარეობს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესი, რომელიც ითვალისწინებს აქტიურ და ინფორმირებულ მომხმარებელს. ბაზრების ლიბერალიზაციის დასრულებისას, მომხმარებელს ექნება ელექტროენერგეტიკის ადა ბუნებრივი გაზის მომსახურე კომპანიების არჩევის შესაძლებლობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა იცოდეს, თუ რა ხარისხისა და სტანდარტების მომსახურება უნდა მოითხოვოს კომუნალური კომპანიისგან. ამ მიმართულებით, სემეკი, კოლეგა უწყებებთან ერთად პერმანენტულად თანამშრომლობს სხვადასხვა დაინტერესებულ პირებთან. დღეს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ბათუმში, უნივერსიტეტის პროფესურასა და სტუდენტებს გავაცანით 6 მარეგულირებელი უწყების მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული ბერკეტები. აქტიურად გავაგრძელებთ სხვადასხვა ფორმატით მოქალაქეებისათვის მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებთან შეხვედრები გაიმართა 12 მარტს გურჯაანში, 14 მარტს ქუთაისში, ხოლო 15 მარტს - მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღეს - ბათუმში.

 

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ მარეგულირებელი უწყებების პირველი პირები, პარლამენტის, ცენტრალური და რეგიონული მთავრობის წევრები, ბიზნესის, აკადემიური, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ევროკავშირის, UNCTAD-ის, დიპლომატიური კორპუსის, ლიეტუვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის წარმომადგენლები.