მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეული ბათუმში
მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ბათუმში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ. საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ლადო ბოჟაძემ, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კალანდიამ და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა თავის გამოსვლაში საზოგადოებას გააცნო დაზღვევის სფეროში მომხმარებლის ძირითადი უფლებები და ამ მიმართულებით არსებული სიახლეები.
გარდა ამისა, პანელური დისკუსიის ფორმატში, სამსახურის წარმომადგენელმა მანონი ციხელაშვილმა ისაუბრა თემაზე - “მომხმარებლის უფლებების დაცვა აღსრულების მექანიზმები და დანერგილი სტანდარტები”. დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იმართება.
