მომხმარებელთა დაცვის III საერთაშორისო კვირეული სამეგრელოში
საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ზუგდიდში მცხოვრებ ადგილობრივ მომხმარებლებთან საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა წოწერიამ; საქართველოს პარლამენტის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ; კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ; სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა.
მომხმარებელთა დაცვის III საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი ყურადღება ეთმობა - შშმ პირების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების და რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას, მათთვის ინფორმაციის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
პანელური დისკუსიის ფორმატში, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელმა ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მიღებული შედეგები, გამოწვევები და აღსრულების მექანიზმები მიმოიხილა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც დეტალურად გაეცა პასუხები - თუ როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლებები, ვის უნდა მიმართოს დარღვევის შემთხვევაში და რა ფორმით.
კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებთან სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება: 10 მარტს - თბილისში, 12 მარტს - ახალქალაქში, 14 მარტს - ზუგდიდში და 15 მარტს - კვირეულის დახურვის ღონისძიება ბათუმში გაიმართება. საერთაშორისო კვირეულის მიზანია მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება.