სიახლეები

მთავარი > სიახლეები
19.11.2026

კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენცია

თბილისში, ხუთი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კონფერენციის გახსნითი პანელი ხუთი მარეგულირებელი უწყების ერთობლივი სესიით დაიწყო. დისკუსიაში „კონკურენცია და მომხმარებლის დაცვა სექტორულ ჭრილში - შედეგები, მიღწევები და გამოწვევები“ მონაწილეობა მიიღო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა .

დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ: საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე; სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია; საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა.

სესია დაეთმო სექტორული გამოცდილების გაზიარებას, საერთო გამოწვევებს, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და კონკურენციის პოლიტიკის კოორდინირებულად განხორციელების საკითხებს. დისკუსიის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე, მარეგულირებელ უწყებებს შორის თანამშრომლობაზე, ფარმაცევტულ და სასურსათო ბაზრებზე კონკურენციისა და ხელმისაწვდომობის საკითხებზე.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს ბიზნესისთვის ჯანსაღი გარემოს განვითარების უზრუნველყოფის, ციფრული ეკონომიკისა და ახალი ტექნოლოგიების მიერ წარმოქმნილი გამოწვევების საკითხები.

დავით ონოფრიშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის: მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწეული შედეგები და მათი პრაქტიკული გავლენა მომხმარებელსა და ბიზნესზე; სექტორებში არსებული ძირითადი გამოწვევები და მომხმარებლის ნდობის გაძლიერების შესაძლებლობები; მარეგულირებელ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობა და კოორდინაცია; კონკურენციის ხელშეწყობა, მომხმარებლის ინტერესების დაცვა და ბიზნესისთვის ჯანსაღი განვითარების პირობების უზრუნველყოფა; სამომავლო პრიორიტეტები და დაგეგმილი ცვლილებები.

“მომხმარებლის უფლებების დაცვა უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ სამართლებრივი მოთხოვნების ფორმალურ დაცვას, არამედ სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების ეფექტიან განხორციელებას”, - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

ორდღიანი საერთაშორისო ღონისძიება ხუთი მარეგულირებელი უწყების - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.

კონფერენცია 20-ზე მეტი ქვეყნის 40-ზე მეტ უცხოელ დელეგატს, საერთაშორისო ორგანიზაციების, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, საჯარო ინსტიტუტების, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.