დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეწვივნენ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიისა და მომხმარებლის დაცვის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდნენ სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ნინო ნიავაძე და ამავე დეპარტამენტის მომხმარებლის უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების სამმართველოს უფროსი მარიამ ნიკოლაძე. წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამსახურის ფუნქციებსა და მომხმარებლის უფლებების დაცვის ჭრილში, სამსახურის უფლებამოსილებაზე. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს თუ რა უფლებები აქვს დაზღვევის მომხმარებელს მზღვეველთან ურთიერთობის თითოეულ ეტაპზე და რომელ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე უნდა გამახვილდეს ამ კუთხით ყურადღება.
შეხვედრა, რომელსაც 40-მდე დაინტერესებული პირი დაესწრო, აუდიტორიასთან უშუალო კომუნიკაციის ფორმატში წარიმართა. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებმა მათთვის დაზღვევის მიმართულებით არსებულ აქტუალურ საკითებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს, ასევე, დაისახა გამოკვეთილი, პრობლემური საკითხების გადაჭრის გზები.
