სიახლეები

მთავარი > სიახლეები
05.03.2025

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მხარდაჭერით BARTA 2024-ის გამარჯვებულის გამოვლენის ცერემონია გაიმართა

 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (ISSSG) მხარდაჭერით, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს BARTA- გადაცემის ცერემონია გაიმართა. ყოველწლიური კონკურსის ჩატარების მიზანია, ევროპული და გლობალური კონტექსტის გათვალისწინებით, ქართული კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის გაძლიერება, რომელიც მსოფლიო ბანკის ფინანსური და მდგრადი განვითარების ანგარიშგების რეფორმების ცენტრის (CFRR, ვენა, ავსტრია) ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და მდგრადი განვითარების ანგარიშგების გაუმჯობესების პროგრამის (EAASURE) მხარდაჭერით ხორციელდება.

წელს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო (BARTA) გადაეცათ: სს თიბისი ბანკს, სს საქართველოს ბანკს, სს თიბისი ლიზინგს, სს კრისტალს, სს საქართველოს რკინიგზას, სს ბაზისბანკს, სს სილქნეტს, სს პროკრედიტ ბანკს, მსო მიკრო ბიზნეს კაპიტალს, შპს თეგეტა მოტორსს.

BARTA- დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის, BARTA - პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიება გახსნეს - მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ; საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ. ღონისძიების ფარგლებში, ბარტას ჟიურის თავმჯდომარის, პოლ ტომპსონის მოდერატორობით, რომელიც ასევე არის ევროპის მცირე და საშუალო საწარმოების ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის თავმჯდომარე, გაიმართა პრეზენტაცია თემაზე: შერჩევის მეთოლოგია, პროცესი და კრიტერიუმები.

BARTA 2019 წელს, ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა და არის ერთ-ერთი საუკეთესო სამუშაო პლატფორმა - ინფორმაციის, მოსაზრებებისა და იდეების გაზიარების მიმართულებით, რომელშიც მსხვილი საფინანსო და არასაფინანსო კომპანიები, მცირე და საშუალო საწარმოები მონაწილეობენ.

ინფორმაციისთვის: მსოფლიო ბანკის 2024 წლის რეიტინგში "ბიზნესისთვის მზაობა" (B-READY) საქართველო, 50 ქვეყანას შორის, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად პირველ სამეულშია.