დავით ონოფრიშვილმა ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სადაზღვევო ზედამხედველების ინიციატივის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
26-27 თებერვალს უნგრეთში, გაიმართა ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სადაზღვევო ზედამხედველების ინიციატივის (CESEE ISI) 23-ე შეხვედრა, რომელსაც საქართველოს სადაზღვევო სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და ამავე სამსახურის, ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ედვარდ ვახტანგიშვილი დაესწრნენ.
შეხვედრაზე რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებმა განიხილეს სადაზღვევო ბაზრისთვის აქტუალური თემები, როგორიცაა საკუთარი რისკისა და გადახდისუნარიანობის შეფასება (ORSA), IFRS 17-ის იმპლემენტაციის გამოწვევები, კრიპტო აქტივებში ინვესტიციებთან დაკავშირებული რისკები და ინოვაციური ზედამხედველობის მიდგომები.
მონაწილეებმა გამოცდილება გაცვალეს მიმდინარე საზედამხედველო პრაქტიკის თაობაზე და იმსჯელეს სადაზღვევო ბაზრის მდგრადი განვითარებისა და მომხმარებელთა დაცვის გაუმჯობესების გზებზე.
ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში დავით ონოფრიშვილმა ცალკეული სამუშაო შეხვედრები გამართა ავსტრიის ფინანსური ბაზრების ზედამხედველობის ორგანოს უფროსთან, პიტერ ბრაუმიულერთან, სლოვენიის დაზღვევის ზედამხედველობის უფროსთან, გორაზდ ჩიბეისთან და ბოსნია და ჰერცოგოვინის დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს დირექტორთან, ივან ლუბურიჩთან.
შეხვედრისას მხარეებმა სადაზღვევო ბაზრის რეგულირების საკითხებზე ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ CESEE ISI, რომელშიც რეგიონის 20 ქვეყანაა გაწევრიანებული მომდევნო რიგით 24-ე შეხვედრას საქართველო უმასპინძლებს, რაც ხაზგასმით მიუთითებს საქართველოს სადაზღვევო ზედამხედველობის სამსახურის აქტიურ ჩართულობას რეგიონულ თანამშრომლობაში და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების პროცესში. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესში.