სიახლეები

მთავარი > სიახლეები
14.02.2024

დავით ონოფრიშვილმა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის მორიგ, მე-8 სხდომაში მიიღო მონაწილეობა. კომიტეტის სხდომა საქრთველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა და მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა უძღვებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის წევრები საჯარო, სამოქალაქო, საგანმანათლებლო და კერძო კომერციული სექტორებიდან. ასევე, არაწევრი დაინტერესებული პირები კომერციული ბანკებიდან.

სხდომაზე ფინანსური განათლების მიმართულებით 2023 წლს ერთობლივად განხორციელებული აქტივობების შედეგები შეჯამდა. წევრებმა 2024 წლის გეგმებზე, პრიორიტეტებზე, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს. კომიტეტის წევრების მიერ შეთანხმებული პრიორიტეტებისა და ორიენტირების შესაბამისად, 2024 წლის აქტივობების, პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების სამუშაო პროცესი ეროვნული ბანკის ორგანიზებით უკვე მუშა ჯგუფებში გაგრძელდება და კომიტეტის შემადგენლობაც ახალი, 2024 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით განახლდება.

ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის პირველი ვერსია 2016 წელს დაამტკიცა, (ხოლო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური მისი წევრია 2019 წლიდან). 2023 წელს საქართველოში დაგროვილი გამოცდილებისა და გამოწვევების ფონზე ამ დოკუმენტის განახლებული ვერსიაც მიიღო. აღნიშნული დოკუმენტი ფინანსური განათლების გავრცელებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის ძირითად სარეკომენდაციო დოკუმენტს წარმოადგენს, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ამოცანებს განსაზღვრავს და ხელს უწყობს დაინტერესებულ მხარეებს შორის უფრო პრაქტიკული ფორმატით თანამშრომლობას და ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას ყველა სამიზნე ჯგუფის დაფარვის, მათზე მორგებული აქტივობების განხორციელებისა და ამ აქტივობების მდგრადობისა და განგრძობადობის უზრუნველყოფის გზით. სტრატეგიის დანერგვის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით ჩამოყალიბდა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტიც, რომლის შემადგენლობაშიც შედიან დაინტერესებული მხარეები სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორებიდან. აღნიშნული კომიტეტი მინიმუმ წელიწადში ერთხელ იკრიბება ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განვითარება-დანერგვასთან დაკავშირებული მიდგომებისა და რეკომენდაციების შემუშავებისა და მისი მხარდაჭერის მიზნით.