დავით ონოფრიშვილმა ჩინეთში დაზღვევის ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სემინარში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (ISSSG) უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა ჩინეთის ნაციონალური ფინანსური მარეგულირებელი ადმინისტრაციის იურიდიული და რეგულაციების დეპარტამენტის გენერალური დირექტორის, შენგბანგ ვანგის მიწვევით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში, დაზღვევის ზედამხედველებისთვის გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო სემინარში მიიღო მონაწილეობა.
ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ეხებოდა დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS) და ფინანსური სტაბილურობის საბჭოს (Financial Stability Board - FSB) მიერ დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც უკავშირდება კაპიტალს, რეზოლუციის რეჟიმს, კლიმატთან დაკავშირებულ რისკებს, გადაზღვევას და ფინანსურ ინოვაციებზე ზედამხედველობის ახალ მეთოდებს. შეხვედრის ფარგლებში, ერთობლივ ფორმატში, მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს მაკროეკონომიკური გავლენა სადაზღვევო სექტორზე. ყურადღება დაეთმო საპროცენტო განაკვეთის მერყეობის საკითხს მზღვეველებზე და ასევე, საბანკო და სადაზღვევო სექტორებს შორის ფინანსური სტაბილურობის ურთიერთკავშირს. საუბარი შეეხო სადაზღვევო კაპიტალის სტანდარტის მთავარ კომპონენტებს, იმპლემენტაციის შედეგებს, ჰოლისტიკური ჩარჩოს ისეთ მთავარ ელემენტებს, როგორიც არის გლობალური მონიტორინგის სწავლება, საზედამხედველო მასალები და იმპლემენტაციის შეფასება.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი შეხვდა დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ მდივანს, ჯონოთონ დიქსონს. ასევე, სხვადასხვა ქვეყნების კოლეგა უწყებების ხელმძღვანელებს: სლოვენიის რესპუბლიკის დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს დირექტორს, გორაზდ შიბეის; ხორვატიის ფინანსური სექტორის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, ანტე ზიგმანს; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსური მარეგულირებელი ეროვნული ადმინისტრაციის ვიცე პრეზიდენტს, იუანკი ქსიაოს; მონტენეგროს დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს პრეზიდენტს, მარკო ივანოვიჩს; ესპანეთის ეკონომიკისა და დიჯიტალიზაციის სამინისტროს დაზღვევისა და საპენსიო ფონდების გენერალური დირექტორატის საერთაშორისო ურთიერთობების უფროსს, ხავიერ კასტილიო გარსიას. ორმხრივ დონეზე, მაღალი რანგის შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების ფორმატებზე იმსჯელეს და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.
22-23 აპრილს, შანხაიში გამართული საერთაშორისო სემინარის ორგანიზატორები იყვნენ: ფინანსური სტაბილურობის ინსტიტუტი (FSI) საერთაშორისო ანგარიშგებების ბანკი (BIS), დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაცია (IAIS) და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსური მარეგულირებელი ეროვნული ადმინისტრაცია (NFRA).