სიახლეები

მთავარი > სიახლეები
17.05.2024

დავით ონოფრიშვილი აშშ-ში დაზღვევის საერთაშორისო ფორუმს დაესწრო

16-17 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების დაზღვევის ზედამხედველთა ეროვნული ასოციაციის (National Association of Insurance Commissioners – NAIC) მიწვევით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი დაზღვევის საერთაშორისო ფორუმს დაესწრო.

ფორუმზე ძირითადი მოხსენებებით გამოვიდნენ ენდრიუ ნ. მაისი - ასოციაციის პრეზიდენტი და კონექტიკუტის შტატის დაზღვევის დეპარტამენტის კომისარი, ერიკ დუნინგი - ნებრასკას შტატის დაზღვევის დეპარტამენტის დირექტორი და დაზღვევის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე, შიგერუ არიიზუმი - იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS) აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე.   

ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ინდუსტრიაში Covid-19-თ გამოწვეული  მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლის შემდგომ მომხმარებლების, კომპანიების და ზედამხედველების ინტერსი მეტად არის ფოკუსირებული ხელოვნური ინტელექტის, კლიმატური რისკების და მდგრადობის, ასევე ტექნოლოგიების განვითარების მიმართ. ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, ერთის მხრივ, შესაძლებლობას აძლევს მზღვეველებს და ზედამხედველებს უკეთესად მართონ პროცესები და იყვნენ უფრო ეფექტურები, ხოლო მეორეს მხრივ, აჩენს ახალ რისკებს და გამოწვევებს, რაც საჭიროებს მათთან გამკლავების ადექვატური მიდგომების არსებობას. ამდენად, პანელისტებმა განიხილეს თუ როგორი წარმოედგინათ 2024 წელი და ასევე პერსპექტივები, ინდუსტრიის მომავალი და IAIS-ს წევრების მიერ მომზადებული მომდევნო ხუთი წლის სტრატეგიული გეგმა, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა.

როგორც ცნობილია, NAIC შეიქმნა 1871 წელს, იმართება 50 შტატის დაზღვევის მარეგულირებლის მიერ და ქვეყნის მასშტაბით დაზღვევის ინდუსტრიაში ადგენს სტანდარტებს, ემსახურება მის ეფექტურ რეგულირებას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ სამსახურს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა ზემოაღნიშნულ ფორუმს, გაცნობოდა დაზღვევის სფეროში გლობალურად არსებულ გამოწვევებს, მათთან გამკლავების პერსპექტივებს და საერთაშორისო გამოცდილებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვნად წაადგება შემდგომში შესაბამისი მიმართულებების განვითარებისთვის გასაწევ სამუშაოებს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვანია, რომ სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი ფორუმის ფარგლებში, შეხვდა ევროპის სადაზღვევო და პროფესიული საპენსიო ზედამხედველობის უწყების (EIOPA) ხელმძღვანელს პეტრა ჰიელკემას და ერიკ დუნინგს - ნებრასკას შტატის დაზღვევის დეპარტამენტის დირექტორისა და დაზღვევის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს.