მომხმარებელის გვერდი

მთავარი > მომხმარებელის გვერდი > მომხმარებელთა უფლებები
მომხმარებელთა უფლებები

დაზღვევის ხელშეკრულების დადებამდე, ინფორმირებული არჩევანის გაკეთების და ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სწორი მოლოდინის ჩამოყალიბებისთვის, მნიშვნელოვანია იცოდეთ თქვენი უფლებები.

დაზღვევის ხელშეკრულების დადებამდე, უფლებამოსილი ხართ მიიღოთ დაზღვევის პირობების შესახებ დეტალური აღწერილობა, უტყუარი, ზუსტი და არადამაბნეველი  ინფორმაცია.

მზღვეველის მიერ სადაზღვევო პროდუქტის წერილობითი (მატერიალური/ელექტრონული) ფორმით შეთავაზების დროს, მზღვეველმა უნდა მოგაწოდოთ სადაზღვევო პროდუქტის შესახებ „საინფორმაციო ფურცელი“. თუ მზღვეველის მიერ განხორციელდა სადაზღვევო პროდუქტის თქვენთვის ზეპირი ფორმით შეთავაზება, მზღვეველმა უნდა უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ინფორმაციის ზეპირი ფორმით თქვენთვის მოწოდება.

დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა დოკუმენტებს (მაგ.: დაზღვევის ხელშეკრულება, სადაზღვევო პირობები, დაზღვევის პოლისი, დანართები და სხვ.). ხელშეკრულების დადებისას, ხელშეკრულებასთან ერთად უნდა გადმოგეცეთ „ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები“, სადაც მითითებულია სადაზღვევო პროდუქტის შესახებ ძირითადი ინფორმაცია და ყველა დოკუმენტი, რომლებისგანაც შედგება ხელშეკრულება.

თუ სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზების შემდეგ დაზღვევის ხელშკრულების დადებამდე დაზღვევის პირობები შეიცვალა და მზღვეველმა იცის, რომ კეთილსინდისიერად ეყრდნობი მათ, მზღვეველი ვალდებულია უზრუნველყოს შეცვლილი/განახლებული პირობების თქვენთვის გაცნობა და განმარტება,

დისტანციურად დადებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, უფლება გაქვთ მოითხოვოთ შეთანხმებული დისტანციური საკომუნიკაციო საშუალების ცვლილება, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებას ან/და სადაზღვევო პროდუქტის ბუნებას.

მოთხოვნის შემთხვევაში, მზღვეველმა ყოველგვარი დამატებითი გადასახდელის გარეშე, გონივრულ ვადაში უნდა მოგაწოდოს დაზღვევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სტანდარტული ინფორმაცია.

მოთხოვნის შემთხვევაში (მათ შორის დისტანციურად დადებული ხელშეკრულების დროს), მზღვეველი ვალდებულია გონივრულ ვადაში, ყოველგვარი დამატებითი გადასახდელის გარეშე, მატერიალური ფორმით, მოგაწოდოთ დაზღვევის პირობებთან დაკავშირებული ყველა თანხმლები დოკუმენტი.

იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია ხელშეკრულების პირობების ცვლილება,  მზღვეველმა აღნიშნულის შესახებ უნდა გაცნობოთ  ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინების ფორმით. შეტყობინება უნდა მოგეწოდოთ უშუალოდ თქვენ, დაუშვებელია შეტყობინების მოწოდება, ინფორმაციის მზღვეველის ვებ-გვერდზე განთავსების გზთ.

მზღვეველსა და თქვენს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, დასაშვებია წინასწარი შეტყობინების ვალდებულების გაუქმება ისეთ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება დაზღვევის ხელშეკრულების პირობების ცვლილება თქვენს სასარგებლოდ.

მზღვეველის სადაზღვევო მომსახურებით ან რომელიმე სადაზღვევო პროდუქტით უკმაყოფილების შემთხვევაში, თქვენ უფლებამოსილი ბრძანდებით წარადგინოთ პრეტენზია  მზღვეველის სპეციალურ სტრუქტურულ ერთეულში.

მზღვეველის, დაზღვევის აგენტის ან სადაზღვევო ბროკერის მიერ თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, უფლებამოსილი ხართ მიმართოთ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს.