ვალდებულია თუ არა განმცხადებელი საჯარო ინფორმაციის მისაღებად გადაიხადოს რაიმე საფასური?
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებლისა.
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არის სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ბიუჯეტში, რომელსაც იხდის საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ასლის გადაღებისათვის.
დაუშვებელია საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებაზე ზემოაღნიშნული კანონით გაუთვალისწინებელი სხვა გადასახდელის დაწესება.
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი შეადგენს:
ა) A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი – ერთი გვერდი – 0,05 ლარს;
ბ) ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდვა – ერთი გვერდი – 0,10 ლარს;
გ) კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკი – 2,65 ლარს;
დ) დისკეტაზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკეტა – 1,3 ლარს;
ე) ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის ვიდეოკასეტაზე – 1 საათი – 2,75 ლარს;
ვ) ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის აუდიოკასეტაზე – 1 საათი – 0,50 ლარს.
ამასთან, ,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლებს:
ა) ინფორმაციის მომთხოვნის დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა;
ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნა;
გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღება.
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი გადაიხდება საბანკო დაწესებულების მეშვეობით როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით (https://matsne.gov.ge/ka/document/view/74386?publication=102).
გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ასლი გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემდეგ.