სიახლეები

მთავარი > სიახლეები
17.11.2025

დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS – International Association of Insurance Supervisors) კომიტეტების სხდომებისა და წლიური კონფერენციის კვირეული ტირანაში

2025 წლის 11–15 ნოემბერს, ალბანეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტირანაში, გაიმართა დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS – International Association of Insurance Supervisors) კომიტეტების სხდომებისა და წლიური კონფერენციის კვირეული. ღონისძიება წარმოადგენს IAIS-ის ყველაზე მასშტაბურ შეხვედრებს, სადაც განიხილება გლობალური სადაზღვევო ზედამხედველობის მიმართულებები და სექტორის განვითარებისთვის კრიტიკული საკითხები.

კვირეულში მონაწილეობდნენ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი, სამსახურის უფროსის მოადგილე მაია კუბლაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი ნათია ქვაჩახია.

კვირეულის მთავარი ნაწილი და დასკვნითი ეტაპი იყო IAIS-ის წლიური კონფერენცია, რომელიც 14–15 ნოემბერს გაიმართა. კონფერენციამ მოიცვა მაღალი დონის პლენარული სესიები და IAIS-ის წლიური საერთო შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა ასოციაციის მმართველობითი, სტრატეგიული და ფინანსური მიმართულებების ძირითადი საკითხები, ბიუჯეტი,  2024 წლის ანგარიშგებები და აღმასრულებელი კომიტეტის ახალი შემადგენლობის არჩევა.

საქართველოს აქტიურმა მონაწილეობამ IAIS-ის კვირეულში კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქვეყნის ერთგულება საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის, ზედამხედველობის სისტემის გაძლიერებისა და გლობალურ სადაზღვევო საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმართ.