დავით ონოფრიშვილმა დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის იმპლემენტაციის და შეფასების კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
2025 წლის 6-7 მაისს, შვეიცარიის ქ. ბაზელში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა მონაწილეობა მიიღო დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS - INTERNATIONAL ASSOCIATION OF INSURANCE SUPERVISORS) მაღალი დონის შეხვედრებში.
შეხვედრის პირველი დღე დაეთმო იმპლემენტაციისა და შეფასების კომიტეტის (IAC - IMPLEMENTATION AND ASSESSMENT COMMITTEE) სხდომას, ხოლო მეორე დღეს გაიმართა იმპლემენტაციისა და შეფასების კომიტეტის და პოლიტიკის განვითარების კომიტეტის (PCD – POLICY DEVELOPMENT COMMITTEE) გაერთიანებული სხდომა.
კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს ზედამხედველობის საერთაშორისო სტანდარტების განხორციელებაზე გლობალურ დონეზე, ეფექტიანობის გაზრდაზე, განიხილეს ჰოლისტიკური ჩარჩოს ზედამხედველობის მონიტორინგი, გადახდისუნარიანობაზე დაფუძნებული ზედამხედველობის, ფინანსური ჩართულობისა და დაზღვევის დაცვის ხარვეზებზე მომუშავე ფორუმების ანგარიშები, ზედამხედველთა შესაძლებლობების განვითარების ინიციატივა, რაც მიზნად ისახავს წევრი ქვეყნების ინსტიტუციურ გაძლიერებას.
IAIS-ის იმპლემენტაციისა და შეფასების კომიტეტი ასრულებს ცენტრალურ როლს ორგანიზაციის მისიის განხორციელებაში, რაც გულისხმობს სადაზღვევო სექტორის მდგრადი განვითარებისა და გლობალური ფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერას. კომიტეტის საქმიანობა პირდაპირ ეხმარება წევრ იურისდიქციებს იმპლემენტაციასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაში.
ბაზელში ვიზიტის ფარგლებში, დავით ონოფრიშვილმა გამართა ორმხრივი შეხვედრები სლოვენიის დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს მმართველ დირექტორთან - გორაზდ შიბეისთან, ხორვატიის ფინანსური სამსახურის ზედამხედველობის სააგენტოს პრეზიდენტთან - ანტე ზიგმანთან, ესპანეთის დაზღვევისა და საპენსიო ფონდების გენერალური დირექტორატის რეგულირებისა და საერთაშორისო ურთიერთობების გენერალური დირექტორის მოადგილესთან - ხავიერ კასტილიო გარსიასთან, თანამშრომლობის გაღრმავების მექანიზმების და მომავალი ნაბიჯების თაობაზე.
შეხვედრები მიმართულია საქართველოში საერთაშორისო სადაზღვევო ზედამხედველობისა და მარეგულირებელი სტანდარტების გაუმჯობესების და მათი საქართველოში დანერგვის ძალისხმევისკენ.
დამატებითი ინფორმაციისთვის IAIS ინიციატივებისა და პოლიტიკის შესახებ, შეგიძლიათ გაეცნოთ IAIS ვებგვერდზე here.