დავით ონოფრიშვილმა აშშ-ის დაზღვევის ზედამხედველთა ეროვნული ასოციაციის საერთაშორისო სადაზღვევო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
29-30 მაისს, ვაშინგტონში (აშშ) ამერიკის შეერთებული შტატების დაზღვევის ზედამხედველთა (კომისიონერთა) ეროვნული ასოციაციის (NAIC - National Association of Insurance Commissioners) საერთაშორისო წლიური სადაზღვევო ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი და სამსახურის უფროსის მოადგილე, ეკატერინე წერეთელი დაესწრნენ.
ფორუმს მასპინძლობა გაუწია ჩრდილოეთ დაკოტას შტატის სადაზღვევო დეპარტამენტის კომისიონერმა და NAIC-ის პრეზიდენტმა, ჯონ გოდფრიდმა. ფორუმის ფარგლებში განიხილეს თანამედროვე სადაზღვევო სექტორის წინაშე მდგარი გამოწვევები და განვითარების ტენდენციები, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის გავლენა სადაზღვევო ინდუსტრიაზე, კლიმატური რისკები და მდგრადობის მექანიზმები, ალტერნატიული ინვესტიციების როლი მზარდი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, ინოვაციები და პროდუქტების ხელმისაწვდომობა განვითარებად ბაზრებზე, ასევე, დემოგრაფიული ცვლილებების გავლენა ჯანმრთელობისა და საპენსიო დაზღვევის სფეროებზე.
ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმაა თანამედროვე ტენდენციების გაცნობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური აქტიურად აგრძელებს მონაწილეობას საერთაშორისო სადაზღვევო დისკუსიებში და მხარს უჭერს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას მათი დანერგვის შესაძლებლობების გათვალისწინებით.