დავით ონოფრიშვილი ციურიხში დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას ესწრება
18-19 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, იმართება დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS) მაკროპრუდენციული კომიტეტის და აღმასრულებელი კომიტეტის სტრატეგიული სამუშაო შეხვედრა, რომელშიც როგორც აღმასრულებელი კომიტეტის ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის (CEET - Central, Eastern Europe and Transcaucasia) რეგიონის წარმომადგენელის წევრობის ფარგლებში, მონაწილეობას იღებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი.
ღონისძიება ითვალისწინებს ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებებისა და სამოქმედო გეგმის განხილვას 2025-2026 წლებისთვის, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა რისკზე დაფუძნებული გადახდისუნარიანობის მოდელზე გადასვლის მეთოდოლოგია, ხელოვნური ინტელექტის ზედამხედველობის რეგულირება და სამომავლო გამოწვევებზე რეაგირების გზები.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები განიხილავენ მაღალი დონის პრინციპებს - სადაზღვევო კაპიტალის სტანდარტებს (ICS- Insurance Capital Standard), სამართლიანი მოპყრობის საკითხებს მომხმარებლების ფართო სპექტრის მიმართ, ოპერაციული მდგრადობისა და კლიმატური რისკების ზეგავლენას სადაზღვევო სექტორზე.
სხდომის მეორე დღე დაეთმო IAIS-ის სტრატეგიული გეგმების დახვეწას, საზოგადოების ინტერესების უკეთ მომსახურების გზებსა და მმართველობითი ცვლილებების განხილვას, რაც მიზნად ისახავს ორგანიზაციის ეფექტიანობის ზრდას 2025-2029 წლებში.
IAIS წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს დაზღვევის ზედამხედველ ორგანოებს და უზრუნველყოფს ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობას. დავით ონოფრიშვილის მონაწილეობა ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმში ხაზს უსვამს საქართველოს აქტიურ ჩართულობას გლობალურ სადაზღვევო ზედამხედველობით პროცესებში.