მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეულის გახსნითი ღონისძიება გაიმართა
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მომხმარებელთა დაცვის III საერთაშორისო კვირეულის გახსნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა. მან, 2024 წელს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, დაზღვევის სექტორში განხორციელებულ მნიშვნელოვან აქტივობებზე, მიღებულ შედეგებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოში, დაზღვევის სექტორი დღეს განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს გადის. 2024 წლის მონაცემებით, სადაზღვევო ბაზარი, წინა წელთან შედარებით, 19%-მდე გაიზარდა. ჩვენი სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია - მომხმარებლის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა და სადაზღვევო ბაზრის გამართულად ფუნქციონირება, არაკეთილსინდისიერი ქმედებების თავიდან არიდება. შესაბამისად, ჩვენი სამსახური აქტიურ მონიტორინგს უწევს საქართველოში აღნიშნული მიმართულებით განვითარებულ პროცესებს და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, სიღრმისეულად სწავლობს საუკეთესო, საერთაშორისო მიდგომებსა და პრაქტიკას. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და შესაბამისი დირექტივების დამუშავება.
სწორედ მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, 2024 წელს 1 მარტიდან ამოქმედდა სამოგზაურო დაზღვევის მიმართ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები. შედეგად, გაიზარდა სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტიდან გამომდინარე მომხმარებლის დაცულობა და ინფორმირებულობის ხარისხი. გატარებულმა ცვლილებებმა, მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი სამოგზაურო დაზღვევის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ზრდას. ასევე, გასულ წელს შევიმუშავეთ და ამოქმედდა რეკომენდაცია, რომლის მიხედვით უნდა დაზუსტდეს ზიანის დაზღვევისას, უხეში გაუფრთხილებლობით უარის თქმის საფუძვლები. რეკომენდაციით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებამ, გამჭვირვალე სახელშეკრულებო პირობების არსებობა უნდა უზრუნველყოს, რაც თავის მხრივ, მომხმარებლის უფლებების დაცვისა და მზღვეველის მიმართ ნდობის გამტკიცებას, საბოლოო ჯამში კი, სადაზღვევო ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს. გასულ წელს შევიმუშავეთ და 2025 წელს უკვე ამოქმედდა დავალიანებასთან და სადაზღვევო პოლისის შეწყვეტასთან დაკავშირებით - მომხმარებლის ინფორმირების სტანდარტი, “ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას დავით ონოფრიშვილმა.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ასევე, ყურადღება გაამახვილა „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ ახალ კანონზე. განხორციელებული რეფორმის მიზანია, შესაბამისი ბაზრის განვითარება, თავისუფალი კონკურენციის და ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა, გრძელვადიანი ინვესტიციების წახალისება და მონაწილეების, ბენეფიციარების ინტერესების დაცვა.
2024 წელს, საერთაშორისო დონეზე პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით, სამსახური მნიშვნელოვანი შედეგებით პოზიციონირებდა. აღნიშნულს ადასტურებს დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის არჩევა, სადაც იგი წარმოადგენს ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიეკავკასიის რეგიონის 30 ქვეყანას. მისი განცხადებით, აღნიშნული სტატუსი პასუხისმგებლობასთან ერთად არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, როგორც ორმხრივი ასევე რეგიონალურ დონეზე თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს, საქართველო პირველად უმასპინძლებს ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სადაზღვევო ზედამხედველების (CESEE ISI) 24-ე საერთაშორისო კონფერენციას, სადაც ოცი ქვეყნის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.
„საზოგადოების ცნობიერების გაძლიერების მიზნით, ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ფინანსური განათლების საკითხებს და სხვადასხვა მიზნობრივ აუდიტორიასთან სამუშაო შეხვედრები მიმდინარე რეჟიმშია. მნიშვნელოვანია რომ III საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, რომელიც დღეს დაიწყო და ასევე მოიცავს ახალქალაქის, ზუგდიდის და ბათუმის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებთან შეხვედრებს, ერთ-ერთი მთავარი აქცენტი სწორედ ეთნიკური უმცირესობების და შშმ პირების ჩართულობაზე, მათი ინფორმირებულობის გაძლიერებაზე კეთდება. სექტორის გაძლიერების მიზნით, მნიშვნელოვანია მომხმარებლის გათვითცნობიერება, რათა თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს როგორ დაიცვას საკუთარი უფლებები და ვის მიმართოს დარღვევის შემთხვევაში,“ - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.
მომხმარებლის ინტერესების დაცვის, მათი ინფორმირების გაძლიერების მიზნით, 2024 წელს, საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა მომხმარებლის დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიას, რომლის ფარგლებშიც, ექვსი მარეგულირებელი უწყება, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტის გაძლიერების მიზნით, ერთობლივ ფორმატში, მნიშვნელოვან აქტივობებს ახორციელებს.
კვირეულის გახსნითი ღონისძიება 10 მარტს, თბილისში, სასტუმრო „პულმანში“ გაიმართა, სადაც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელმა ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მიღებული შედეგები, გამოწვევები და აღსრულების მექანიზმები მიმოიხილა. კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებთან სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება: 12 მარტს - ახალქალაქში, 14 მარტს - ზუგდიდში და 15 მარტს ბათუმში.