სიახლეები

მთავარი > სიახლეები
16.10.2025

CESEE ISI 2025 - დაზღვევის ზედამხედველების რეგიონული შეხვედრა

პირველად საქართველოში, 2025 წლის 16 ოქტომბერს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი, მასპინძლობს ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დაზღვევის ზედამხედველების ინიციატივას – CESEE ISI (Central, Eastern and South-Eastern European Insurance Supervision Initiative).

ღონისძიებას, საქართველოს ჩათვლით, რეგიონის 13 ქვეყნის დაზღვევის ზედამხედველი უწყების წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის 26 მონაწილე სტუმრობს თბილისს შემდეგი ქვეყნებიდან: ავსტრია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, რუმინეთი, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია სრბსკის ავტონომიური რესპუბლიკა, უნგრეთი და ხორვატია. მონაწილეთა შორის არიან შესაბამისი უწყებების მაღალი დონის ხელმძღვანელი პირები 7 ქვეყნიდან, მათ შორის ავსტრიის საფინანსო ბაზრის საზედამხედველო უწყების (FMA) მმართველი დირექტორი დაზღვევისა და საპენსიო ზედამხედველობის მიმართულებით, პეტერ ბრაუმულერი, რომლის მხარდაჭერითაც დაიგეგმა ღონისძიება.

CESEE ISI მრავალწლიანი თანამშრომლობის პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს დაზღვევის ზედამხედველების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, რეგულირების მიდგომების ჰარმონიზაციას, გამოწვევებზე ერთობლივ რეაგირებას და საერთაშორისო სტანდარტების გაზიარებას.
ინიციატივის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები ყოველწლიურად იმართება ერთ-ერთ მონაწილე ქვეყანაში და ფოკუსირებულია ისეთ თემატიკაზე, რომელიც დროის და ბაზრის განვითარების თვალსაზრისით ყველაზე აქტუალურია.

წლევანდელი შეხვედრის ძირითადი თემებია: მომხმარებლის დაცვის თანამედროვე მიდგომები; დაზღვევის ზედამხედველთა როლი კრიზისულ პირობებში; მენეჯმენტისა და სამეთვალყურეო საბჭოების შესაბამისობის შეფასების მიმართ არსებული საზედამხედველო პრაქტიკა და ასევე, ავტომობილის დაზღვევის და მათი მფლობელების პასუხისმგებლობის დაზღვევის მიმართულებით არსებული გამოწვევები - ბაზრის ლიბერალიზაციამდე გასატარებელი აქტივობები.

ღონისძიება ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ როლს რეგიონის დაზღვევის ზედამხედველობის სისტემაში და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს რეგულირების პროცესის გააქტიურებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისკენ.