CESEE ISI 2025 - დაზღვევის ზედამხედველების რეგიონული შეხვედრა
პირველად საქართველოში, 2025 წლის 16 ოქტომბერს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი, მასპინძლობს ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის დაზღვევის ზედამხედველების ინიციატივას – CESEE ISI (Central, Eastern and South-Eastern European Insurance Supervision Initiative).
თბილისში გამართულ ღონისძიებას, საქართველოს ჩათვლით, ესწრება რეგიონის 12 ქვეყნის (მათ შორის 13 იურისდიქციის) დაზღვევის ზედამხედველი უწყების 30 წარმომადგენელი შემდეგი ქვეყნებიდან: ავსტრია, ბოსნია და ჰერცეგოვინა (მათ შორის სერბეთის რესპუბლიკა (ბოსნია და ჰერცეგოვინა)), რუმინეთი, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი და ხორვატია. სტუმრებს შორის არიან შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები 6 ქვეყნიდან, მათ შორის პეტერ ბრაუმულერი - ავსტრიის საფინანსო ბაზრის საზედამხედველო უწყების (FMA) მმართველი დირექტორი დაზღვევის, საპენსიო და კორპორატიული კომპანიების ზედამხედველობის მიმართულებით, რომლის მხარდაჭერითაც დაიგეგმა ღონისძიება, გორაზდ ჩიბეი (სლოვენია), ივან ლუბურიკი (ბოსნია და ჰერცეგოვინა), მარკო ივანოვიჩი (მონტენეგრო), ადრიან გეორგიტა (მოლდოვა) და სორინ კრისტინელ მიტიტელუ (რუმინეთი).
CESEE ISI არის მრავალწლიანი თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს დაზღვევის ზედამხედველების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, რეგულირების მიდგომების ჰარმონიზაციას, გამოწვევებზე ერთობლივ რეაგირებას და საერთაშორისო სტანდარტების გაზიარებას.
ინიციატივის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები ყოველწლიურად იმართება ერთ-ერთ მონაწილე ქვეყანაში და ფოკუსირებულია ისეთ თემატიკაზე, რომელიც დროის და ბაზრის განვითარების თვალსაზრისით ყველაზე აქტუალურია.
წლევანდელი შეხვედრის ძირითადი თემებია: მომხმარებლის დაცვის თანამედროვე მიდგომები; დაზღვევის ზედამხედველთა როლი კრიზისულ პირობებში; მენეჯმენტისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შესაბამისობის შეფასების მიმართ არსებული საზედამხედველო პრაქტიკა და ასევე, ავტომობილებისა და მათი მფლობელების პასუხისმგებლობის დაზღვევის მიმართულებით არსებული გამოწვევები - ბაზრის ლიბერალიზაციამდე გასატარებელი აქტივობები.
ღონისძიება ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ როლს რეგიონის დაზღვევის ზედამხედველობის სისტემაში და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს რეგულირების პროცესის გააქტიურებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისაკენ.
