პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
დღეს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე, საბჭოს მუდმივი წევრები: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი; ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.\
საბჭოს წევრებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა სადაზღვევო სექტორის 2024 წლის ანგარიში , 2025 წლის 5 თვის შედეგები და სამსახურის განვითარების 2025-2029 წლების სტრატეგია გააცნო. სხდომაზე, საუბარი შეეხო აღნიშნულ სფეროში არსებულ მიღწევებს, გამოწვევებს და სამომავლო გეგმებს.
“ჩვენ ინფორაცია წარვადგინეთ 2024 წლის ანგარიშისა და შედეგების შესახებ. 2024 წელი იყო მზარდი. 18%-ით გაიზარდა ბაზარი, ყველა ძირითადი პარამეტრებით - კომპანიების აქტივები, წმინდა მოგება და უნდა აღინიშნოს, რომ 19-ვე სადაზღვევო კომპანია არის გადახდისუნარიანი და ნებისმიერი ვალდებულება, რასაც აიღებენ ეს კომპანიები, ფიზიკური თუ იურიდიული პირების წინაშე, მათ აქვთ სრული შესაძლებლობა და შესაბამისი რესურსები მათ დასაკმაყოფილებლად. მთლიანობაში, შარშან ყველაზე მზარდი იყო სამედიცინო დაზღვევის მიმართულება, რომელსაც ბაზრის 42% უჭირავს, სახმელეთო ტრანსპორტის, ქონების, სიცოცხლის დაზღვევა და შარშანდელისგან განსხვავებით, უკვე წელს, დაემატება ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების შესაძლებლობა. თუ მოქალაქეებს ექნებათ სურვილი კონკრეტულ საპენსიო სქემაში გაწევრიანდნენ, მათ ექნებათ შესაძლებლობა, სხვა დანაზოგი გააკეთონ, გარდა სავალდებულო საპენსიო სქემისა”, - განაცხადა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა.