კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა - საერთაშორისო კონფერენცია
20-22 ნოემბერს, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.
ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა; პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ; გერმანიის კონკურენციის ფედერალური სამსახურის პრეზიდენტმა, საერთაშორისო კონკურენციის ქსელის(ICN) მმართველი ჯგუფის თავმჯდომარე,მ ანდრეას მუნდტმა.
გახსნით სესიაში მონაწილეობა მიიღეს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა; კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ; ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ და კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ.
ყოველწლიური კონფერენციის მიზანია, საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის საფუძველზე, გამოცდილების გაზიარება და ამ მიმართულებით პოლიტიკის გაძლიერება, მიღებული შედეგების, გამოწვევების შესახებ გაფართოებული მსჯელობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.
კონფერენციის ფარგლებში, საქართველო სხვადასხვა ქვეყნის 15 დელეგაციას უმასპინძლებს. მთავარი მომხსენებლის რანგში, მონაწილეების წინაშე წარდგებიან - ტერესა მორეირა, UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი; კრისტინა კაფარა, კონკურენციის კვლევის პოლიტიკის ქსელის დირექტორის მოადგილე; იზაბელ პერინიონი, ევროკომისიის იუსტიციისა და მომხმარებელთა გენერალური დირექტორატის მომხმარებელთა დირექტორი და სხვები.
ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კოლეგა უწყებებს შორის, გაიმართება მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია.