სიახლეები

მთავარი > სიახლეები
13.11.2026

დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური შეხვედრა 2029 წელს საქართველოში გაიმართება

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი, სამსახურის უფროსის მოადგილესთან ეკა ცენტერაძესთან, რეგულაციების და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსთან თამარ შენგელიასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსთან ნათია ქვაჩახიასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. ჰონგ-კონგში 9-13 ნოემბერს დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS – International Association of Insurance Supervisors) 2026 წლის წლიური გენერალური შეხვედრა, კომიტეტების სხდომები და ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ჰონგ-კონგის დაზღვევის სააგენტომ უმასპინძლა და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ზედამხედველი უწყებებისა და სადაზღვევო ინდუსტრიის 700-მდე მაღალი რანგის წარმომადგენელი დაესწრო.

ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დავით ონოფრიშვილი ერთხმად, ოფიციალურად დამტკიცდა ასოციაციის ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ტრანსკავკასიის რეგიონის წარმომადგენლად, ორი წლის ვადით.

სხდომაზე ოფიციალურად დამტკიცდა და გამოცხადდა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც 2029 წელს ასოციაციის წლიურ გენერალურ შეხვედრას, კომიტეტების სხდომებსა და ყოველწლიურ კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ასოციაციის მასპინძელი ქვეყნები რეგიონების რიგითობის პრინციპით ირჩევა, 2027 წლის მასპინძელი ქვეყანა მაროკო იქნება, 2028 წელს ღონისძიება პერუში ჩატარდება, ხოლო 2029 წელს, ევროპის რეგიონის რიგითობის ფარგლებში, წლიური კონფერენციის ჩატარების უპირატესობა სწორედ საქართველოს მიენიჭა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომებსა და წლიურ გენერალურ შეხვედრაში, სადაც ასოციაციის სტრატეგიული და საზედამხედველო პრიორიტეტები განიხილეს, ასევე კაპიტალის საერთაშორისო სტანდარტის საბაზისო თვითშეფასების პირველადი შედეგებისა და იმპლემენტაციის შეფასების მეთოდოლოგიის პროექტზე იმსჯელეს. დამტკიცდა 2026 წლის გლობალური სადაზღვევო ბაზრის ანგარიში, რომელიც საერთაშორისო ბაზრის რისკებსა და ტენდენციებს აჯამებს. ასევე, დამტკიცდა დოკუმენტი სადაზღვევო პროდუქტებზე მომხმარებელთა მიერ სამართლიანი სარგებლის მიღების შესახებ და საჯარო კონსულტაციის დოკუმენტი საერთაშორისო აუდიტისა და ეთიკის სტანდარტების რეფორმის თაობაზე.

სამუშაო კვირის ფარგლებში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე, სექტორის ლიდერებმა შემდეგ საკვანძო საკითხებზე იმსჯელეს: ხელოვნური ინტელექტი დაზღვევაში, სადაზღვევო ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენების სცენარები. ასევე, ყურადღება გამახვილდა ბუნებრივი კატასტროფების ეკონომიკური მდგრადობის მამოძრავებელ ფაქტორზე.

გაიმართა ლიდერთა დიალოგი უმაღლესი რანგის აღმასრულებელი პირების მონაწილეობით. დისკუსიები შეეხო უფრო ძლიერი ბაზრების ფორმირებისა და გლობალური რისკების მართვას, რეგულირების მოდერნიზაციას და  მოსახლეობის დაბერების გავლენას სადაზღვევო სექტორზე.

საერთაშორისო სადაზღვევო საზოგადოების წინაშე არსებული საკვანძო საკითხების განხილვის ეპიცენტრად საქართველოს ასოციაციის 2029 წლის მასპინძლის სტატუსის მინიჭება და სამსახურის უფროსის რეგიონულ წარმომადგენლად არჩევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სადაზღვევო ზედამხედველობის სისტემის საერთაშორისო ავტორიტეტსა და ქვეყნის აქტიურ ჩართულობას გლობალური ფინანსური სტანდარტების ფორმირების პროცესში.