დავით ონოფრიშვილის ვიზიტი სამხრეთ აფრიკაში
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი, დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS) წევრობის ფარგლებში, ვიზიტით სამხრეთ აფრიკაში იმყოფება. კეიპ ტაუნში 2024 წლის IAIS წლიური გენერალური შეხვედრა, კომიტეტის შეხვედრები და ყოველწლიური კონფერენცია იმართება. ღონისძიებას სამხრეთ აფრიკის სარეზერვო ბანკის და ფინანსური სექტორის ადმინისტრაცია მასპინძლობს.
3 დეკემებერს დავით ონოფრიშვილმა, როგორც კომიტეტის წევრმა, მონაწილეობა მიიღო შეფასებისა და იმპლემენტაციის კომიტეტის (IAC - Assessment and Implementation Committee) შეხვედრაში, რომლის ძირითადი საქმიანობა მოიცავს ასოციაციის სხვადასხვა კომიტეტის საქმიანობის ანგარიშის განხილვას და მათ დამტკიცებას. ამჯერად, შეხვედრისას განხილული იყო დაზღვევის სექტორში ასოციაციის წევრი ქვეყნების სადაზღვევო ბაზრის განვითარების შეფასება დაზღვევის ძირითად პრინციპთან მიმართებაში (ICP – Insurance Core Principles), რაც ასევე კომიტეტის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობაა. ასევე, შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: საერთაშორისოდ მოქმედი სადაზღვევო ჯგუფების ზედამხედველობის ერთიანი ჩარჩოს შესახებ მემორანდუმი, გადახდისუნარიანობის (risk-based solvency - RBS) რეჟიმებზე გადასვლის შესახებ სახელმძღვანელო, რაც იძლევა მითითებებს RBS რეჟიმის წყობის და ასეთი რეჟიმის განხორციელების პროცესში საკვანძო მოსაზრებების თაობაზე. ასევე, მოხდა მსჯელობა 2025-2029 წლის ასოციაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხების გარშემო - ციფრული ინოვაციები და კიბერ რისკები.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას IAIS-ის ფარგლებში, რათა უზრუნველყოს ქვეყნის სადაზღვევო ბაზრის კიდევ უფრო განვითარება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. დავით ონოფრიშვილის მონაწილეობა კომიტეტის საქმიანობაში ხაზს უსვამს საქართველოს წვლილს გლობალურ სადაზღვევო ინიციატივებში. მომავალი გამოწვევები, როგორიცაა ციფრული ინოვაციები და კიბერ რისკების მართვა, ახალი შესაძლებლობების შექმნასაც გულისხმობს. ეს მიმართულებები საქართველოს სადაზღვევო სექტორის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტები იქნება.
სამსახური აქტიურად აგრძელებს მუშაობას სადაზღვევო სისტემის ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც მოიაზრებს გადახდისუნარიანობა 2-ის (Solvency II) ეტაპობრივად დანერგვას, ასევე დარგის ყველა სხვა მიმართულებით იმგვარი სამუშაოების წარმართვას, რაც საერთაშორისო დღის წესრიგშია დაზღვევის რეგულირების კუთხით. ეს გარდაუვლად გამოიწვევს სფეროს განვითარებას, ახლებური მიდგომების დანერგვას და სოციალური კეთილდღეობის მიმართულების არსებით სვლას.