სიახლეები

მთავარი > სიახლეები
21.11.2025

დავით ონოფრიშვილი ლუბლიანაში დაზღვევის ზედამხედველთა რეგიონულ შეხვედრაში მონაწილეობს

20-21 ნოემბერს, სლოვენიის რესპუბლიკის დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს დირექტორის, გორაზდ ჩიბეის მიწვევით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი, ქალაქ ლუბლიანაში გამართულ ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის ქვეყნების (CEET - Central, Eastern Europe and Transcaucasia) დაზღვევის ზედამხედველთა მორიგ შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც ეძღვნება თემას: ხარვეზების გადალახვა - მდგრადობა, რისკი და ინკლუზია რეგიონულ სადაზღვევო ბაზარზე.

დავით ონოფრიშვილმა, მონაწილეობა მიიღო შეხვედრის მესამე სესიის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელიც ეხებოდა გადახდისუნარიანობა 1-ის სისტემიდან გადახდისუნარიანობა 2-ის სისტემაზე გადასვლას. დავით ონოფრიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო გადახდისუნარიანობა 2-ის სისტემაზე გადასვლის მიზნით, სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, რომელიც დაკავშირებულია ბაზრის ზომასთან, მომავალი სისტემური ცვლილებების აუცილებლობასთან, კვალიფიციური კადრების სიმცირესა და ინდუსტრიის მზაობასთან. სესიაზე, მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის:

-         საკუთარი რისკისა და გადახდისუნარიანობის შეფასება (ORSA – Own Risk and Solvency Assessment), როგორც რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის ნაწილი დაზღვევაში;

-         დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS – International Organisation of Insurance Supervisors) მოსაზრებები რისკებზე დაფუძნებული გადახდისუნარიანობის სისტემის პრაქტიკაში განხორციელებასთან დაკავშირებით;

-         პროპორციულობის მეთოდის გამოყენება რისკზე დაფუძნებულ ზედამხედველობაში;

-         რისკზე დაფუძნებულ სისტემაზე გადასვლა და გადახდისუნარიანობა 2-ის მიმართულებით არსებული გამოცდილების ანალიზი.

შეხვედრის პირველი სესია დაეთმო თემას - „მომხმარებლის დაცვის გაძლიერება სადაზღვევო ბაზარზე“, სადაც მომხსენებლებმა ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე: პროდუქტზე ზედამხედველობა და მისი მართვა პრაქტიკაში, მომხმარებლის უფლებების დაცვის პერსპექტივები; შუამავლების როლი მომხმარებლის უფლებების დაცვის გაძლიერებაში და ბაზრის მდგრადობა; კორპორატიული მართვა და მომხმარებელთა უფლებები; სამართლიანი მოპყრობა მომხმარებელთა მიმართ.

შეხვედრის მეორე სესია მიეძღვნა სოფლის მეურნეობის დაზღვევის განვითარებას ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის რეგიონში. მომხსენებლები შეეხნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითებს, როგორიც არის რეგიონში შესაბამისი მიმართულების გაძლიერება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.  

შეხვედრებისას მონაწილეთა მიერ გაზიარებული ექსკლუზიური პრეზენტაციები ხელს შეუწყობს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს, ფლობდეს რეგიონის ფარგლებში დაზღვევის სფეროში არსებული პრობლემების და გამოწვევების რეგულირების შესაძლებლობებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას, გაითვალისწინოს საუკეთესო ევროპული გამოცდილება და გამოიყენოს საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებისა და შესაბამისი საზედამხედველო მიდგომების დახვეწისათვის.