მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეული
თბილისში მომხმარებლის დაცვის მეოთხე საერთაშორისო კვირეული გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ასევე, ღონისძიების მნიშვნელობასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაძლიერების ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტრუმენტებზე ისაუბრეს მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სამსახური პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს მომხმარებლის უფლებების დაცვას, რისთვისაც ბოლო წლებში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რათა უფრო მეტად დავუახლოვდეთ მომხმარებლის უფლებების დაცვის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. ამისთვის სამსახური მუშაობს დაზღვევის სფეროს სპეციალურ რეგულაციებსა და მეთოდოლოგიაზე, რომელიც მიმართულია მზღვეველის ბაზარზე ქცევის სტანდარტების დაწესებასა და დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მომხმარებლის უფლებების დაცვისკენ.
“სადაზღვევო სექტორის მომხმარებლის უფლებების უკეთ დაცვის და სამართლიანი, გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი ბაზრის არსებობის უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურმა შეისწავლა და გამოიკვლია ფინანსურ სექტორში არსებული ეროვნული და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები. შედეგად, შეიმუშავა და გამოსცა დოკუმენტი, მზღვეველში ეთიკის ზოგადი პრინციპებისა და პროფესიული ქცევის მინიმალური სტანდარტების შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის სახით. აღნიშნული დოკუმენტი განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში არსებულ მოთხოვნებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და მასში ასახულია ადგილობრივი საფინანსო სექტორის სპეციფიკა და მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული მნიშვნელოვანი საკითხები. ამასთან, საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ გამჭვირვალე, სამართლიანი და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული ეთიკური გარემო არის ძლიერი, კონკურენტუნარიანი და ნდობაზე დაფუძნებული სადაზღვევო ბაზრის საფუძველი,” - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.
მისივე განმარტებით: “ვინაიდან, დაზღვევა არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებელს გაუთვალისწინებელი ფინანსური დანახარჯებისაგან დაიცვას, მნიშვნელოვანია დაზღვეულისთვის, როგორც დაზღვევის შესახებ ზოგად ინფორმაციაზე წვდომა, ასევე მისი გამოყენების მიზნებისთვის მომხმარებლის უფლებების ცოდნა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა დაზღვევის შეძენამდე შეაფასოს საკუთარი საჭიროებები, პრიორიტეტები და გულდასმით გაეცნოს სადაზღვევო პირობებს, არა მხოლოდ დაზღვეულ დაფარულ რისკებს, არამედ გამონაკლისებს ანუ იმ შემთხვევებს, რომლებიც დაზღვევით არ დაიფარება და იმ ქცევის წესს, თუ როგორ უნდა მოიქცეს დაზღვეული სადაზღვევო შემთხვევის დროს. მზღვეველთან უთანხმოების შემთხვევაში კი, მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს თავად მზღვეველის სპეციალურ სტრუქტურულ ერთეულს და თუ მიაჩნია, რომ მისი უფლება საკმარისად ვერ რეალიზდა, მოგვმართოს განცხადებით ჩვენ.”
კვირეული მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უკავშირდება, რომელიც ყოველწლიურად 15 მარტს აღინიშნება. ღონისძიებები დაგეგმილია გარდაბანში, გორში, ბათუმსა და წყალტუბოში. შეხვედრებზე უწყებების წარმომადგენლები ისაუბრებენ მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასა და აღსრულების მექანიზმებზე, მიმოიხილავენ გასულ წლებში მიღწეულ შედეგებს, წარადგენენ შემუშავებულ გზამკვლევ დოკუმენტებს და მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხებენ.
მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული, რომლის მიზანიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობის გაძლიერება და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იმართება.
