სიახლეები

მთავარი > სიახლეები
09.03.2026

მომხმარებლის დაცვის 2025 წლის შედეგები, დანერგილი სტანდარტები და არსებული გამოწვევები

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციის კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით მომხმარებელთა დაცვის რიგით IV საერთაშორისო კვირეულის გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა პანელური დისკუსია თემაზემომხმარებლის დაცვის 2025 წლის შედეგები, დანერგილი სტანდარტები და არსებული გამოწვევები“. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო და პრეზენტაცია წარადგინა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნინო ნიავაძემ. დისკუსიის ფარგლებში განხილეს სამსახურის ძირითადი ფუნქციები, დავების განხილვის ალტერნატიული მექანიზმები, სადაზღვევო ბაზრის ზედამხედველობა, სადაზღვევო სექტორში ეთიკის ზოგადი პრინციპებისა და პროფესიული ქცევის მინიმალური სტანდარტები, დაგეგმილი სიახლეები და არსებული გამოწვევები.

ნინო ნიავაძემ საუბრისას ყურადღება გაამახვილა სადაზღვევო სექტორში მომხმარებლის უფლებების დაცვის გაძლიერებაზე და ამ მიმართულებით სამსახურის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები მიმოიხილა.

ამასთან, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ისაუბრა დაზღვევის მიმართულებით ფინანსური განათლების  მნიშვნელობაზე: „ფინანსური განათლება საერთაშორისო მასშტაბით სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს თითოეული მოქალაქის ცხოვრებაში. ყველა ჩვენთაგანის მზადყოფნა, მართოს პირადი ფინანსები, უმეტესწილად განსაზღვრავს ჩვენს ფინანსურ სტაბილურობას და წარმატებას. საქართველოში საზოგადოებას დღეს, როგორც არასდროს, სჭირდება ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცოდნა, ზოგადი წარმოდგენა თუ როგორ დაგეგმოს და მართოს პირადი ფინანსები. მოქალაქის ცნობიერებაზე ბევრია დამოკიდებული, რადგან ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება ყოველდღიურად ხდება და ამ გადაწყვეტილებებს დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაზე. სამსახურისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა დაზღვევის თაობაზე ცნობიერების ამაღლებაა, ვინაიდან დაზღვევა წარმოადგენს ფინანსური განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს“, - აღნიშნა ნინო ნიავაძემ