განისაზღვრა სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტის მინიმალური მოთხოვნები
სადაზღვევო სექტორის განვითარებასთან და ბაზარზე კონკურენციის ზრდასთან ერთად, ვითარდება სადაზღვევო პროდუქტებიც.
მიუხედავად იმისა, რომ სამოგზაურო დაზღვევა წარმოადგენს ე.წ. „მცირე ბიუჯეტიან“ სადაზღვევო პროდუქტს, მომხმარებლის დაცვა და სადაზღვევო შემთხვევის დროს ანაზღაურების საკითხი, ცალკეული დაზღვეულებისათვის შესაძლოა გახდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
რამდენადაც სხვა სადაზღვევო პროდუქტებისგან განსხვავებით, სამოგზაურო დაზღვევის პირობები და ტარიფები, წლების განმავლობაში არ გადამუშავებულა სექტორის მიერ, პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე, 2023 წელს სამსახურმა შეისწავლა სამოგზაურო დაზღვევის ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზარი.
მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ საქართველოში საკმაოდ მაღალია კონკურენცია სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტში. კერძოდ, ლიცენზირებული 18 მზღვეველიდან, 15 მზღვეველი სთავაზობს მომხმარებელს სამოგზაურო დაზღვევას და ზოგიერთი მათგანი ორი ან მეტი ტიპის სამოგზაურო დაზღვევის პირობებს ყიდის.
ბაზარზე არსებული პირობები მრავალფეროვანი და განსხვავებულია, თუმცა ყველაზე ხშირად იყიდება ე.წ. 50,000 დოლარიანი/ევროიანი პოლისი. მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ აღნიშნული 50,000 ევრო/დოლარი წარმოადგენს პოლისის ჯამურ თანხას, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი სამედიცინო საჭიროება ანაზღაურდება 50,000-ით.
მაგალითისათვის განვიხილოთ მეტად ფართოდ ცნობილი ჯანმრთელობის დაზღვევის პრინციპი. ჯანმრთელობის დაზღვევისას, ყველასათვის ცნობილია რომ ამბულატორიულ სერვისებისათვის დადგენილია კონკრეტული ლიმიტი, ჰოსპიტალური სერვისებისათვის სხვა ლიმიტი, მედიკამენტებისათვის სხვა და ა.შ. სწორედ ამ ცალკეული ლიმიტების ჯამი წარმოადგენს სადაზღვევო თანხას. ანალოგიური პრინციპი მოქმედებს სამოგზაურო დაზღვევაშიც. ჯამური სადაზღვევო სადაზღვევო თანხის მიღმა, მნიშვნელოვანია ცალკეულ სამედიცინო მომსახურებისთვის ლიმიტების ცოდნა.
მოკვლევამ აჩვენა, რომ სამოგზაურო დაზღვევის ბაზარზე არსებულ პირობებში, ამბულატორიულ და ჰოსპიტალურ სერვისებზე დადგენილ ლიმიტებში იმდენად დიდი განსხვავება იყო, რომ ზოგიერთი პოლისი, სავარაუდოდ ვერ უზრუნველყოფდა უცხოეთში სამედიცინო სერვისებზე არსებული ფასების გათვალისწინებით, ჩვენი მოაქლაქეების რეალურ დაცვას.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მომხმარებელს ჰქონდა შესაძლებლობა პოლისის შეძენამდე გაცნობოდა პირობებს, თუმცა გასათვალისწინებელია რამდენიმე გარემოება:
1. დაზღვევა რთული ფინანსური ინსტრუმენტია და ცალკეულ პირებს შესაძლოა არ გააჩნდეთ შესაბამისი ცოდნა, რომ პირობების გაცნობის შემთხვევაშიც კი, გააკეთონ გათვითცნობიერებული არჩევანი;
2. სამოგზაურო დაზღვევა ხშირად, „ტურისტული პაკეტების“ შემადგენელი ნაწილია და ცალკე შესაძლოა არც ყიდულობდეს მას მოგზაური;
3. რიგ ქვეყნებში, მათ შორის ევროპაში მიმავალ პირთათვის, სამოგზაურო დაზღვევა სავალდებულო დოკუმენტს წარმოადგენს და მისი შეძენის დროს, მოგზაური შესაძლოა მას იძენდეს მხოლოდ როგორც სავალდებულო დოკუმენტს, რომლის პირობების თაობაზეც არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას, თუმცა გააჩნია მოლოდინი რომ დაზღვეულია მოგზაურობის დროს.
ჩატარებული მოკვლევის შედეგები, სამსახურმა გააცნო სადაზღვევო სექტორს და სადაზღვევო ასოციაციებს და განიხილა მათთან ერთად არსებული გამოწვევები.
შედეგად, პროდუქტის სპეციფიკის, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის და ევროპის დაზღვევისა და პროფესიული საპენსიო სამსახურის (EIOPA)-ს მიერ, ამავე პროდუქტში, 2019 წელს, ევროპის დაზღვევის ზედამხედველებისათვის გამოცემული გაფრთხილების გათვალისწინებით, სამოგზაურო დაზღვევის პირობების მიმართ, სამსახურმა დაადგინა მინიმალური მოთხოვნები, რომელიც ძალაში შევიდა, 2024 წლის 15 იანვრიდან.
სამოგზაურო დაზღვევის პირობების მინიმალური მოთხოვნების მიხედვით:
Ø თუ სამოგზაურო დაზღვევის ჯამური ლიმიტი ტოლია ან აღემატება 30,000 (ოცდაათი ათასი) ევროს/აშშ დოლარს:
ა) გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ლიმიტი, უნდა განისაზღვროს არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ევროსი/აშშ დოლარისა (ძირითადად ლიმიტი იყო 1000 – 2000 ევრო/დოლარი);
ბ) გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურების ლიმიტი, უნდა განისაზღვროს არანაკლებ 30,000 (ოცდაათი ათასი) ევროსი/აშშ დოლარის (დადგენილი იყო დღიური ლიმიტი, 150-1000 მდე; უმეტესად 400 ევრო/აშშ დოლარი);
Ø თუ სამოგზაურო დაზღვევის ჯამური ლიმიტი ნაკლებია 30,000 (ოცდაათი ათასი) ევრო/აშშ დოლარზე:
ა) გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ლიმიტი, უნდა განისაზღვროს არანაკლებ ჯამური ლიმიტის 10%-სა, მაგრამ, არანაკლებ 1 000 (ერთი ათასი) ევროსი/დოლარის (ძირითადად ლიმიტი იყო 1000 ის ფარგლებში);
ბ) გადაუდებელი ქირურგიული მომსახურება უნდა იყოს ჯამური ლიმიტის (სადაზღვევო თანხა) ტოლი (დადგენილი იყო დღიური ლიმიტი: 150 და 400);
Ø სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც დადგა და გრძელდება სადაზღვევო პერიოდის დასრულების შემდეგ:
ა) თუ მომსახურების გამწევის მიერ, სამედიცინო მომსახურების ხარჯი იანგარიშება ერთიანი ტარიფით, უნდა ექვემდებარებოდეს ანაზღაურებას სრულად, შესაბამისი ლიმიტის ფარგლებში;
ბ) თუ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯი იანგარიშება დღიურად, ანაზღაურებას უნდა დაექვემდებაროს, სადაზღვევო პერიოდის დასრულებიდან არანაკლებ 15 (თხუთმეტი) დღის ხარჯი.
მანამდე ძირითადად შემთხვევებში, ანაზღაურება სრულდებოდა მხოლოდ სადაზღვევო პერიოდთან ერთად.
ამავდროულად, ყველა მზღვეველს რჩება შესაძლებლობა შესთავაზოს და მომხმარებელს არჩევანის თავისუფლება, დადოს სამოგზაურო დაზღვევის ხელშეკრულება უფრო მაღალი დაცვით, ვიდრე მინიმალური სტანდარტი ითვალისწინებს.
დადგენილი მოთხოვნების ამოქმედების შედეგად, გაიზრდება სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტიდან გამომდინარე მომხმარებლის დაცულობა და მომხმარებლის ინფორმირებულობის ხარისხი. ცვლილებები ხელს შეუწყობს სამოგზაურო დაზღვევის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ზრდას.