სიახლეები

მთავარი > სიახლეები
21.06.2024

დავით ონოფრიშვილმა დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის შეფასებისა და იმპლემენტაციის კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა 19-20 ივნისს მონაწილეობა მიიღო დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS - INTERNATIONAL ASSOCIATION OF INSURANCE SUPERVISORS) შეფასებისა და იმპლემენტაციის კომიტეტის (IAC - ASSESSMENT AND IMPLEMENTATION COMMITTEE) შეხვედრაში, რომელიც ბაზელში, შვეიცარიაში გაიმართა.

დავით ონოფრიშვილი ასოციაციის წევრობის ფარგლებში, 2019 წლიდან არჩეული კომიტეტის წევრია და  აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობს სამსახურის და ქვეყნის სახელით. აქვე, აღსანიშნავია, რომ კომიტეტის შეხვედრებზე დასწრება და მასში მონაწილეობა მისი წევრებისთვის სავალდებულოა.

შეხვედრაზე დღის წესრიგში 14 საკითხი იყო. განხილულ იქნა ახალი პროექტი სადაზღვევო სფეროში მომხმარებლების სამართლიანი მოპყრობისა და ოპერაციული გამძლეობის შესახებ და მისი სტანდარტების გაუმჯობესების თაობაზე, კლიმატთან დაკავშირებულ საზედამხედველო რისკებსა და ინკლუზიურ სადაზღვევო ბაზრებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა კომიტეტის წევრების მუდმივ ძალისხმევას სადაზღვევო მარეგულირებელი ჩარჩოს გაძლიერების, გლობალური სადაზღვევო სექტორის მდგრადობის ხელშეწყობისა და ამ მხრივ გასაწევი სამუშაოების საკითხებს.

შეგახსენებთ, რომ ასოციაცია წარმოადგენს დაზღვევის საზედამხედველო სტანდარტების დანერგვის ორგანოს (დაზღვევის ძირითადი პრინციპები (ICPs)), რომელთანაც საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების თანახმად, საქართველოს სადაზღვევო სისტემა/კანონმდებლობა ეტაპობრივად უნდა მოვიდეს შესაბამისობაში.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში დავით ონოფრიშვილმა გამართა შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების დაზღვევის  მარეგულირებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან - პიტერ ბრაუმულერთან - ავსტრიის ფინანსური ბაზრის ორგანოს (FMA) დაზღვევისა და საპენსიო ზედამხედველობის მმართველი დირექტორთან და EIOPA (ევროპის დაზღვევისა და პროფესიული საპენსიო ორგანოს) ვიცე-თავმჯდომარესთან, გორაზდ ჩიბეისთან - სლოვენიის დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს მმართველ დირექტორთან (AZN) და ანტე ზიგმანთან - ხორვატიის ფინანსური სამსახურის საზედამხედველო სააგენტოს (HANFA) პრეზიდენტთან.

აღნიშნული შეხვედრები მიმართულია საქართველოში საერთაშორისო სადაზღვევო ზედამხედველობისა და მარეგულირებელი სტანდარტების გაუმჯობესების და მათი საქართველოში დანერგვის ძალისხმევისკენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის IAIS ინიციატივებისა და პოლიტიკის შესახებ, გთხოვთ, ეწვიოთ IAIS ვებგვერდს here.