სიახლეები

მთავარი > სიახლეები
05.09.2024

დავით ონოფრიშვილი სლოვენიაში დაზღვევის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

5 სექტემბერს, სლოვენიის რესპუბლიკის დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს ორგანიზებით, ქალაქ ლუბლიანაში ჩატარდა დაზღვევის მე-9 საერთაშორისო კონფერენცია. სააგენტოს დირექტორის, გორაზდ ჩიბეის მოწვევით, კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი.

კონფერენციის ძირითადი თემა იყო კლიმატის ცვლილების ზეგავლენა დაზღვევის ბაზარზე, გამოწვევების დაძლევის გზები და გარემოს დასაცავად ეფექტური გამოსავლის მოძიება. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნეს სლოვენიის რესპუბლიკის დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს დირექტორმა და სლოვენიის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა. ხოლო, სპიკერებად მოწვეული იყვნენ სხვადასხვა სფეროს მეცნიერები და ექსპერტები, რომლებმაც განიხილეს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები, რაც, თავის მხრივ, იწვევს ექსტრემალურ ბუნებრივ მოვლენებს და თანმდევ ფინანსურ დანაკარგებს.

პირველი სესია დაეთმო თემას - „მეცნიერება და ბუნებრივი კატასტროფები”. განიხილეს დაზღვევაში არსებული ხარვეზები და მათი გადაჭრის გზები, რამდენად რეალურია კლიმატის რისკები და ამ მხრივ არსებული გამოწვევები. ასევე, იმსჯელეს სტიქიური უბედურების  წინასწარ განჭვრეტაზე, რაც ხელს შეუწყობს ეფექტიანად დაიგეგმოს შესაბამისი ზომები და შემცირდეს თანმდევი უარყოფითი შედეგები. მეორე სესია დაეთმო ბუნებრივი კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ეფექტური სტრატეგიის დასახვას და გამოსავლების ძიებას. კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ დაზღვევაში არსებულმა ხარვეზებმა გამოავლინა ყოვლისმომცველი ზომების მიღების აუცილებლობა, რაშიც ჩართული უნდა იყოს როგორც სახელმწიფო, ისე სადაზღვევო სექტორი და მომხმარებლები.

გარდა ამისა, გადამზღვეველი კომპანიების მონაწილეობით, გაიმართა პანელური დისკუსია არსებული ხარვეზების დაძლევის გზებისა და გამოსავლების მოძიების შესახებ, რომლის მოდერატორი იყო ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტისა და ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი - პროფესორი კარელ ვან ჰულე.

ვიზიტის ფარგლებში, დავით ონოფრიშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა სლოვენიის რესპუბლიკის დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს დირექტორთან - გორაზდ ჩიბეისთან; მონტენეგროს დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს უფროსთან - მარკო ივანოვიჩთან და ბოსნია და ჰერცოგოვინის დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს დირექტორთან - ივან ლუბურიჩთან.