დავით ონოფრიშვილი დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს
5 დეკემბერს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ქალაქ კეიპ-თაუნში დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS - International Association of Insurance Supervisors) ფარგლებში გამართული ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის (ExCo - Executive Committee) სხდომაზე, მისმა წევრებმა ორი წლის ვადით კომიტეტის წევრად დაამტკიცეს დავით ონოფრიშვილი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, როგორც ამავე ასოციაციის ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის (CEET - Central, Eastern Europe and Transcaucasia) რეგიონის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ რეგიონი აერთიანებს ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანას (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია, სლოვენია, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი), ევროკავშირის წევრობის 10 კანდიდატ ქვეყანას (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, თურქეთი, სერბეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო) და ევროკავშირის არაწევრ 7 ქვეყანას (ისრაელი, ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ასევე რუსეთი და ბელარუსი, რომელთაც შეჩერებული აქვთ ასოციაციის წევრობა).
ოქტომბრის ბოლოს, CEET რეგიონის ქვეყნების მიერ ჩატარდა არჩევნები, სადაც დავით ონოფრიშვილი ასოციაციის აღმასრულებელ კომიტეტში ამ რეგიონის წარმომადგენელად აირჩიეს.
IAIS-ის წესდების მიხედვით, ExCo-ში წარმომადგენლების რაოდენობა თითოეული რეგიონის სიდიდის მიხედვით განისაზღვრება, შესაბამისად CEET რეგიონს აღმასრულებელ კომიტეტში ორი წევრის ყოლის უფლება აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი ამჯერად დავით ონოფრიშვილი გახდა. ბოლო წლებში მისი აქტიური საქმიანობა აღნიშნული ორგანიზაციის ფარგლებში შეუმჩნეველი არ დარჩენილა რეგიონის წევრი ქვეყნების სამსახურების ხელმძღვანელების მიერ.
მოცემულ პოზიციაზე დავით ონოფრიშვილის დანიშვნა მიზნად ისახავს CEET რეგიონის ქვეყნების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფას და მათი პრიორიტეტების გათვალისწინებას ასოციაციის საქმიანობის პროცესში. ExCo-ში წარმომადგენლობა, როგორც ქვეყნისთვის, ასევე სამსახურისთვის ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპია. აღსანიშნავია, რომ არა თუ საქართველოს, არამედ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან წარმომადგენელი პირველად აირჩიეს მსგავს პოზიციაზე. გადაწყვეტილება ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოსთვის რეგიონში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და გლობალური სტანდარტების შესაბამისი მიდგომების დანერგვისთვის. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სადაზღვევო სისტემაში საქართველოს როლის გაძლიერებისთვის, რაც გაზრდის მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს, ხოლო საქართველოს სადაზღვევო სექტორს მეტად კონკურენტუნარიანსა და მდგრადს გახდის.
მოცემული კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს როლს საერთაშორისო დონეზე და პოზიციების გამყარებას გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით.
მისასალმებელია, რომ ExCo-ს შემდგომი საქმიანობა გაგრძელდება უკვე სამსახურის აქტიური ჩართულობით და მონაწილეობით.