სიახლეები

მთავარი > სიახლეები
10.12.2025

პროფესორ კარელ ვან ჰულეს სამუშაო შეხვედრა საქართველოში ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიებთან

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის მოწვევით, 2025 წლის 8-9 დეკემბერს, თბილისს სტუმრობდა  ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტისა და ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი, კარელ ვან ჰულე, რომელმაც სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სადაზღვევო ასოციაციისა და დაზღვევის კავშირის ხელმძღვანელები.

პროფესორი ჰულე არის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი და ლექტორი. ის 1984 წელს შეუერთდა ევროკომისიას, სადაც პასუხისმგებელი იყო ანგარიშგების, აუდიტისა და კორპორატიული სამართლის საკითხებზე. 2004-2013 წლებში, პროფესორი ჰულე ევროკომისიაში ხელმძღვანელობდა დაზღვევისა და საპენსიო მიმართულებებს. მის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად ითვლება დაზღვევისა და გადაზღვევის კომპანიებისათვის რისკზე დაფუძნებული გადახდისუნარიანობა 2-ის (SOLVENCY II) ახალი რეჟიმის შემუშავება. ამ საკითხებზე ის წარმოადგენდა ევროკომისიას ევროპის სადაზღვევო და პროფესიული საპენსიო უზრუნველყოფის ორგანოში (EIOPA). ამასთან, ის იყო დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS) ტექნიკური კომიტეტის წევრი, რომელიც პასუხისმგებელია სადაზღვევო რეგულირების საერთაშორისო მიდგომებზე.

სამსახური მუშაობს რისკზე დაფუძნებული გადახდისუნარიანობის სისტემის ეტაპობრივად შემოღების მიმართულებით, რაც მოითხოვს შესაბამისი საზედამხედველო მიდგომების დანერგვას. აღნიშნულ სისტემაზე გადასვლისთვის მნიშვნელოვანია, როგორც თანამშრომლების, ისე სადაზღვევო სექტორის წარმომადგენელთა სათანადო მომზადება.

სამუშაო შეხვედრისას, პროფესორმა ჰულემ პრეზენტაციები წარადგინა ევროკავშირში არსებული გადახდისუნარიანობა 2-ის სისტემაზე და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის: საქართველოში რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის და გადახდისუნარიანობის კაპიტალის რეჟიმის დანერგვის გზამკვლევი; მართვის სისტემასთან დაკავშირებული საკითხები; გადახდისუნარიანობა 2-ის მარეგულირებელ ნორმებში შეტანილი უახლესი ცვლილებები.

სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, გადახდისუნარიანობა 2-ის სისტემისა და მისი თავისებურებების შესახებ განმარტებები მოესმინათ უშუალოდ იმ პირისგან, რომელმაც ის შეიმუშავა ევროკავშირის ქვეყნებისთვის. ასევე, შეხვედრის ფარგლებში მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, პირადად დაესვათ შეკითხვები გადახდისუნარიანობა 2-ის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.