სადაზღვევო კოპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზრდა ერთი წლით გადავადდა
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით, სადაზღვევო კომპანიების სავალდებულო საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის ზრდა ერთი წლით გადავადდა. განცხადება ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. შეხვედრას ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე უძღვებოდა. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს, აღნიშნულ საკითხზე მთავრობის მოსაზრება, პრემიერმინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა გააცნო.
მიმდინარე წლის ბოლოს დაგეგმილი ცვლილების თანახმად, სადაზღვევო კომპანიების საწესდებო კაპიტალის მინიმალური სავალდებულო ოდენობა 4.2 მლნ. ლარიდან 7.2 მლნ. ლარამდე უნდა გაზრდილიყო. აღნიშნული ცვლილების მიზანი კი, სადაზღვევო კომპანიების ფინანსური სტაბილურობის ზრდა იყო.
აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო კომპანიათა უმრავლესოვბამ ზედამხედველობის სამსახურს მიმართა თხოვნით, ცვლილების ძალაში შესვლის გადავადების შესახებ.
როგორც ცნობილია, წარმოდგენილი ცვლილება მიბმული იყო მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღებასთან, რაც სექტორში ბუნებრივად გაზრდიდა ბრუნვას, თუმცა აღნიშნული ცვლილება ძალაში არ შესულა. შესაბამისად, სადაზღვევო ინდუსტრიას დამატებითი შემოსავალი არ მიუღია.
ასევე გასათვალისწინებელია, პანდემიით გამოწვეული სირთულეები, რომელმაც სადაზღვევო კომპანიების ნაწილს შეუქმნა ფინანსური პრობლემები. შესაბამისად, სადაზღვევო სექტორში მოქმედი ბიზნეს ოპერატორები იძულებული არიან ფინანსური რესურსების რეინვესტირება მოახდინონ კომპანიებში.
შეგახსენებთ, რომ ცვლილება მინიმალურ საწესდებო კაპიტალთან დაკავშირებით ძალაში მიმდინარე წლის ბოლოდან უნდა შესულიყო.