სიახლეები

მთავარი > სიახლეები
31.03.2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აგროდაზღვევის განვითარების სტრატეგია განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სადაზღვევო კომპანიების, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სადაზღვევო ასოციაციის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აგროდაზღვევის განვითარების სტრატეგიის პროექტი განიხილეს.   

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, აგროდაზღვევა არის დაცვის ინსტრუმენტი, რომელიც ფერმერებისთვის საქმიანობას პროგნოზირებადს ხდის. წლებია ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მისი დახვეწა მუდმივად ხდება. 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოში არსებული აგროდაზღვევის  შვიდწლიანი პრაქტიკა გვიჩვენებს, თუ  რა არის საჭირო იმისათვის, რომ კონკურენცია სადაზღვევო ბაზარზე იყოს ჯანსაღი. 

აგროდაზღვევის სტრატეგიის  პროექტის ძირითადი მიმართულებები  მოიცავს დაზღვეული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფართობის ზრდას, რისკების მართვის თანამედროვე მექანიზმების გამოყენებას და  ზარალის შეფასების ახალი სისტემის შემუშავებას.  

სახელმწიფო აგროდაზღვევა 2014 წლიდან მოქმედებს.  პროგრამა  შესაძლებლობას აძლევს ფერმერებს კლიმატური რისკებისგან დაიცვან  საკუთარი მოსავალი. აგროდაზღვევის პროგრამის  ფარგლებში, 2014 წლიდან  2020 წლამდე პერიოდში, გაცემულია 115 ათასზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 100 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, სულ სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 69.7 მლნ. ლარი, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსება 48 მლნ. ლარია.