სიახლეები

შეხვედრა საბანკო გარანტიის სამართლებრივი რეგულირების თემაზე

15.04.2016


2016 წლის 14 აპრილს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში გაიმართა შეხვედრა საბანკო გარანტიის სამართლებრივი რეგულირების თემაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც სამსახურის, ისე სადაზღვევო კომპანიების, ცალკეული სამთავრობო, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის მიზნად განისაზღვრა სადაზღვევო პრაქტიკაში საბანკო გარანტიის გამოყენების შედეგად დაგროვილი პრაქტიკული პრობლემების წარმოჩენა, გაანალიზება და მათი გადაჭრის გზების დასახვა.
შეხვედრა დაიწყო სადაზღვევო სექტორის წარმომდგენელთა მცირე მოხსენებით, რომელიც საბანკო გარანტიის სამართლებრივ რეგულირებაში არსებულ შეუსაბამობებსა და პრაქტიკულ პრობლემებს შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმწიფო შესყიდვების სფეროში საბანკო გარანტიასთან დაკავშირებულ დავებზე არსებული სასამართლო პრაქტიკის შეფასებას.
თავის მხრივ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკაზე, მიზნებსა და ამ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოქმედების გავრცელების ფარგლებზე. განხილულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განმხილველი საბჭოს საქმიანობის სპეციფიკაც.
დისკუსიის უმთავრეს საგნად იქცა საბანკო გარანტიის საკანონმდებლო რეგულირების სრულყოფის მექანიზმებზე მსჯელობა, რაც ცალკეულ სამართლებრივ აქტში შესაბამისი ცვლილებებისა თუ დამატებების შეტანას გულისხმობს.
მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრაზე დასმული პრობლემები გაანალიზდა როგორც მიკრო, ასევე მაკრო დონეზე. საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული საკითხების მნიშვნელობა, განსაკუთრებით სახელმწიფო შესყიდვების სფეროში შეფასდა, როგორც სადაზღვევო სექტორის ეფექტური ფუნქციონირების, ისე გლობალურად ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების შეუფერხებლად წარმართვის კუთხით. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა აღნიშნულ საკითხზე სამომავლო შეხვედრებისა და თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

 
 


 
Latest news