სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო არა-სიცოცხლის დაზღვევის აქტუართა ასოციაციის კონფერენცია იმართება

17.10.2019
საქართველოში საერთაშორისო არა-სიცოცხლის დაზღვევის აქტუართა ასოციაციის კონფერენცია იმართება

17-18 ოქტომბერს, სასტუმრო „რედისონში“ საერთაშორისო არა-სიცოცხლის დაზღვევის აქტუართა ასოციაცია ASTIN-ის კონფერენცია იმართება. აქტუარები მათემატიკური სტატისტიკის სპეციალისტები არიან, რომლებსაც სადაზღვევო ტარიფების გამოთვლის მეთოდების განსაზღვრა და ყოველგვარი გაანგარიშებადი პრობლემის (მათ შორის: სადაზღვევო რისკი, ტარიფი, რეზერვები, ვალდებულებები) მოგვარება ევალებათ.
საერთაშორისო არა-სიცოცხლის დაზღვევის აქტუართა ასოციაცია 1957 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია მსგავსი სახის ღონისძიებას რეგიონის მასშტაბით, თბილისში პირველად მართავს. კონფერენციის მთავარი ინიციატორი მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი, სადაზღვევო კონსულტანტი ASTIN-ის მენეჯმენტის წარმომადგენელი ირინა სიხარულიძეა.
ღონისძიება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ონოფრიშვილმა გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
კონფერენცია მნიშვნელოვანია საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიისთვის, რადგან სამსახური მუშაობს სადაზღვევო სისტემის ისეთი ინსტიტუციური რეფორმის განხორციელების გეგმაზე, როგორიცაა სერტიფიცირებულ აქტუართა კორპუსის ფორმირება, აქტუარული საქმიანობის რეგლამენტაციის საფუძვლების დადგენა. ეს პირდაპირ უკავშირდება სადაზღვევო ტარიფების ფორმირების პროცესის მოდერნიზაციას, როგორც სავალდებულო, ასევე ნებაყოფლობითი დაზღვევის სახეობებში.
აღნიშნული პროფესიის ადამიანები (სერტიფიცირებული აქტუარები) სავალდებულო წესით დასაქმდებიან სადაზღვევო ინდუსტრიაში.
კონფერენციაზე განიხილავენ შემდეგ თემებს: გადახდისუნარიანობის სისტემისა და მენეჯმენტის რისკის მიმოხილვა; როგორ დავიწყოთ და ავამუშაოთ ავტომობილის მფლობელთა მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა - შეხედულებების გაზიარება პრაქტიკის მიხედვით, ტარიფები, პროდუქტები, იურიდიული ჩარჩო, ზარალები და ა.შ.; სოფლის მეურნეობის დაზღვევა: პრეზენტაცია დაზღვევის ანაზღაურების პერსპექტივებზე, მონაცემთა ბაზის გამოწვევებზე, აქტუარული შეფასებისა და რისკის მოდელებზე, ბუნებრივი კატასტროფის რისკის შეფასებაზე; გადაზღვევის გადაწყვეტილებები.
18 ოქტომბერს ჩატარდება პრაქტიკული სამუშაოები - აქტუარების მიერ სადაზღვევო პროდუქტებზე ფასის დადგენის/დაწესების, აქტუარული რეზერვების დადგენის თაობაზე.

72408164_645025849358365_4275904538923237376_n-640x480.jpg  72477948_2556995034367982_4523025253349195776_n-640x480.jpg
 
Latest news