სიახლეები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპული გზა“ დაესწრო

11.07.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება სახელწოდებით - „საქართველოს ევროპული გზა“ ოფიციალურად დღეს გაიხსნა. წლევანდელი კონფერენცია უპრეცედენტო მასშტაბით გამოირჩევა, რადგან ის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება.

ღონისძიება, რომელშიც 400-ზე მეტი დელეგატი დარეგისტრირდა, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში რჩება. 
ფორუმში საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნეს გაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ. 

ღონისძიებაზე სტუმრებს ასევე, სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.  

აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრის თანაორგანიზებით იმართება.

NE5A1569.JPG batumiConference.jpg
 
 
Latest news