სიახლეები

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დაზღვევის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

05.06.2019
პარლამენტში დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დაზღვევის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილეს. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან, დავით ონოფრიშვილთან ერთად, დეპუტატებმა სადაზღვევო ბროკერთა საქმიანობასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, საზედამხედველო ფუნქციების გაფართოებაზე კანონპროექტი მუხლობრივად გაიარეს.

კანონპროექტი ადგენს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის შემდგომი საქმიანობის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მექანიზმებს, რაც ხელს შეუწყობს სადაზღვევო ბაზრის სტაბილურობას, გაზრდის სექტორისადმი ნდობის ხარისხს, რითაც დაიცავს მომხმარებელთა ფინანსურ ინტერესებს და სადაზღვევო სექტორის საქმიანობის კიდევ უფრო გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია ადგენს სამსახურის ზოგად ფუნქციას - დაიცვას  მომხმარებელთა უფლებები.
საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის დახვეწისა და საერთაშორისო აქტებთან დაახლოების აუცილებლობის თაობაზე სამსახურს რეკომენდაციები გაუწია მსოფლიო ბანკმა.

სხდომაზე სამსახურის ხელმძღვანელმა კომიტეტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა, რის შემდეგაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დაზღვევის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიხედვით, კანონი სრულად 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

IMG_1420.JPG IMG_1427.JPG

IMG_1423-(1).JPG
 
 
Latest news