სიახლეები

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დაზღვევის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

23.05.2019
პარლამენტში დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დაზღვევის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ონოფრიშვილმა დეპუტატებს სადაზღვევო ბროკერთა საქმიანობასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, საზედამხედველო ფუნქციების გაფართოებაზე კანონპროექტის ძირითადი არსი გააცნო.

კანონპროექტი ადგენს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის შემდგომი საქმიანობის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მექანიზმებს, რაც ხელს შეუწყობს სადაზღვევო ბაზრის სტაბილურობას, გაზრდის სექტორისადმი ნდობის ხარისხს, რითაც დაიცავს მომხმარებელთა ფინანსურ ინტერესებს და სადაზღვევო სექტორის საქმიანობის კიდევ უფრო გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია ადგენს სამსახურის ზოგად ფუნქციას - დაიცვას მომხმარებელთა უფლებები. საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის დახვეწისა და საერთაშორისო აქტებთან დაახლოების აუცილებლობის თაობაზე სამსახურს რეკომენდაციები გაუწია მსოფლიო ბანკმა.

კომიტეტის წევრების მხრიდან საკითხზე შენიშვნები არ გამოთქმულა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დაზღვევის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

IMG_1190.JPG IMG_1181.JPG

IMG_1185.JPG IMG_1177.JPG
 
 
Latest news