სიახლეები

“მომხმარებელთა უფლებების დაცვა” - შეხვედრა სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებთან

05.08.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან  სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ამ მიმართულებით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ახალ რედაქციასთან დაკავშირებული საკითხები იყო.

სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველომ მზღვეველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია დაზღვევის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან, სარეგულაციო გარემოსთან, ფინანსურ განათლებასთან, ფინანსურ ინკლუზიასთან, ციფრულ ტექნოლოგიებთან და ამ მიმართულებით სამსახურში მიმდინარე და უკვე განხორციელებულ ღონისძიებებთან.

სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სადაზღვევო სექტორში მომხმარებელთა უფლებების ეფექტიანი დაცვის სისტემის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ასევე, განიხილეს სამსახურის ხედვა და პრიორიტეტები, დაზღვევის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, იმსჯელეს სამსახურის მიერ შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ახალ რედაქციაზეც, რომელიც ძირითადად მოიცავს სადაზღვევო ურთიერთობებში დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებების ნორმატიულ დაშვებას და რეგულირებას, ე.წ. დიგიტალიზაციის დადებით მხარეებს და მასთან დაკავშირებულ ახალ გამოწვევებს.

გარდა ამისა, პრეზენტაცია შეეხებოდა ფინანსურ ინკლუზიას და განათლებას, რომელიც  მნიშვნელოვანი გამოწვევაა სამსახურისთვის, მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებისა და ნდობის განმტკიცების თვალსაზრისით.

შეხვედრაზე მკაფიოდ განისაზღვრა მზღვეველის ვალდებულება, სადაზღვევო მომსახურების გაწევის ყველა ეტაპზე. ამ ტიპის რეგულაციების დაწესებით, სამსახურის მიზანია, როგორც სადაზღვევო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, სადაზღვევო პროდუქტებზე და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობა, ასევე, პოტენციური დავების პრევენცია მომხმარებელსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის.

IMG_1944.JPG IMG_1941.JPG
 
Latest news