სიახლეები

მომხმარებელთა უფლებების დაცვა–შეხვედრა სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებთან

27.03.2017
2017 წლის 24 მარტს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე „მომხმარებლის უფლებების დაცვა/საბაზრო ქცევის რეგულირება.“ შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მზღვეველი ორგანიზაციებისათვის სამსახურის ხედვისა და პრიორიტეტების გაცნობა დაზღვევის სფეროში მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მომხმარებელთა დაცვის ევროპული სტანდარტები და სამსახურის მიერ საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული ინსტრუქცია „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე.“ აღნიშნული ინსტრუქცია მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს სადაზღვევო მომსახურების შესახებ მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებისა და ნდობის განმტკიცების თვალსაზრისით. ინსტრუქცია ითვალისწინებს მზღვეველის ვალდებულებას, სადაზღვევო მომსახურების გაწევის ყველა ეტაპზე, მათ შორის, სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზებისას, უზრუნველყოს მომხმარებელი ინფორმირებული არჩევანის გაკეთებისათვის აუცილებელი ინფორმაციით. როგორც სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზების, ასევე ხელშეკრულების დადების ეტაპზე მომხმარებელმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა ტიპის ხელშეკრულებას დებს და რა შინაარსის უფლება-მოვალეობები ეკისრება როგორც მას, ისე მომსახურების მიმწოდებელ მხარეს. ინსტრუქცია ასევე ითვალისწინებს მზღვეველის ინფორმირების ვალდებულებას დაზღვევის ხელშეკრულების დადების შემდეგ და მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვის სტანდარტულ წესს. ასეთი ტიპის რეგულაციების დაწესებით სამსახური მიზნად ისახავს როგორც სადაზღვევო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ისე პოტენციური დავების პრევენციას მომხმარებელსა და სადაზღვევო კომპანიას შორის.
პრეზენტაციას საინტერესო დისკუსია და მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით სამსახურის სამომავლო გეგმების განხილვა მოჰყვა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქართულ სადაზღვევო ბაზარზე მოქმედი სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები.

პრეზენტაციის გადმოწერა

IMG_0289.JPGIMG_0306.JPGIMG_0314.JPGIMG_0304.JPGIMG_0308-(1).JPGIMG_0315.JPG
 
 
Latest news