სიახლეები

თბილისში საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია გაიმართა

14.03.2019


თბილისმა დღეს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიება დაზღვევის/გადაზღვევის ისეთ საკითხებს მიეძღვნა, როგორებიცაა მაკროეკო ნომიკური გავლენები ადგილობრივ და რეგიონალურ სადაზღვევო ბაზარზე, დიჯიტალიზაციის (ახალი ტექნოლოგიების) თანმდევი გამოწვევები სადაზღვევო სექტორში, გადაზღვევის და რისკის ეფექტური გადაცემის პოლიტიკა, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის მესამე პირების წინაშე სავალდებულო დაზღვევის საერთაშორისო პრაქტიკა, აგროდაზღვევის ახლებური ხედვები და სხვა საკითხები.
 
კონფერენციაში მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს დაზღვევის  სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა. დავით ონოფრიშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სამსახურის როგორც დამოუკიდებელი საზედამხედველო ინსტიტუტის როლზე, სადაზღვევო ინდუსტრიის გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.
 
კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს ინვესტიციების მოზიდვის, ბაზრის ზრდასთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებებზე, ასევე უახლეს ტენდენციებზე სადაზღვევო სეგმენტში არსებულ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით.
 
ღონისძიებას ორგანიზატორობას უწევდა XPRIMM – მედია სააგენტო და საჯარო ურთიერთობების ორგანიზაცია, რომელიც სპეციალიზირებულია დაზღვევა/ გადაზღვევის, დაზღვევის საშუამავლო და კერძო საპენსიო დაზღვევის საკითხებზე.
 
ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ხოლო ოფიციალური პარტნიორები არიან ქართული სადაზღვევო კომპანიები. 
 
კონფერენციას ესწრებიან სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები, სადაზღვევო ასოციაცია, საერთაშორისო გადამზღვეველი კომპანიების, ავტოდაზღვევა „მწვანე ბარათის“ ბიუროთა საბჭოს, სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი რგოლის წარმომადგენლები და მრავალი ქვეყნის ფინანსური/სადაზღვევო სექტორიდან მოწვეული სტუმრები.

 
 
Latest news