სიახლეები

დავით ონოფრიშვილი ფინანსური განათლების თემაზე მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრას დაესწრო

07.11.2019
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის "ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელთან" (OECD/INFE) თანამშრომლობის ფარგლებში, მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრებს უმასპინძლა.
ღონისძიებები OECD/INFE-ს მიერ ორგანიზებული განათლების ტექნიკური მხარდაჭერის 5 წლიანი (2018-2022) პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელშიც საქართველოს გარდა, აღმოსავლეთ ევროპის 6 სახელმწიფო - ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, რუმინეთი, ხორვატია მონაწილეობდნენ. შეხვედრები ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით, ცენტრალური ბანკებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
კონფერენცია სახელწოდებით "ფინანსური განათლება და წიგნიერება: ფინანსური განათლების ხელშეწყობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში" ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გახსნა.
კონფერენციის მონაწილეებმა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის დანერგვის პროცესთან დაკავშირებულ კონცეპტუალურ და ინსტიტუციონალურ საკითხებზე იმსჯელეს. ამასთან, რეგიონში არსებული გამოცდილებები, მიღწევები და გამოწვევები, ასევე პროექტის სამომავლო განვითარების ეტაპები განიხილეს.
ღონიძიებაზე მიწვეული იყო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი. სამუშაო შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ შორის, პრაქტიკოსი სპეციალისტები და ექსპერტები, რომელთა უშუალო პასუხისმგებლობაა შესაბამის ქვეყნებში ფინანსური განათლების ეროვნული ინიციატივების შემუშავება და დანერგვა. შეხვედრები ორიენტირებულია ფინანსური წიგნიერების გამოწვევებზე საპასუხო პრაქტიკული მაგალითებისა და შესაბამისი პოლიტიკის განხორციელების სხვადასხვა შესაძლებლობის განხილვაზე, ისეთი სამიზნე ჯგუფებისათვის, როგორებიცაა ახალგაზრდა თაობა - მოსწავლეები და სტუდენტები, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლები.
შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს ეროვნული ბანკისა და OECD/INFE-ის მიერ, ასევე, ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს მატერიალური მხარდაჭერითა და მასთან არსებული პლატფორმის, "Money Wise", ტექნიკურ გამოცდილებაზე დაყრდნობით.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის "ფინანსური განათლების ქსელი" (OECD/INFE) 2008 წელს ჩამოყალიბდა და მისი მიზანია, ფინანსური განათლების მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა. OECD/INFE ერთგვარი პლატფორმაა, სადაც ხდება ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებით მონაცემების შეგროვება, ანალიტიკური და შედარებითი ანგარიშების მომზადება, კვლევა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება. OECD/INFE 110-ზე მეტი ქვეყნის 240-ზე მეტ საჯარო სტრუქტურას აერთიანებს.
74602783_751537975365661_330210881151434752_n-640x480.jpg 75322558_2361494200778736_4882621433156468736_n-640x480.jpg
 
Latest news