საქართველოში სადაზღვევო სფეროში მსოფლიო ბანკის საქართველოს ტექნიკური მხარდაჭერის მისია იმყოფება. დღეს მისიის წარმომადგენლებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ონოფრიშვილმა უმასპინძლა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ: სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ირაკლი თუთარაშვილი და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ედვარდ ვახტანგიშვილი.
მსოფლიო ბანკის მისიას წარმოადგენდნენ: მისიის ხელმძღვანელი, ფინანსური სექტორის წამყვანი სპეციალისტი იუჯინ გურენკო, დაზღვევის ექსპერტი მარინა ლემიჩ სარამადიჩი, ფინანსური სექტორის უფროსი სპეციალისტი ნადიმ კერმალი და სადაზღვევო კონსულტანტი ირინა სიხარულიძე.
შეხვედრაზე განიხლეს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში განხორციელებული ცვლილებები, „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონპროექტში გასათვალისწინებელი საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. კერძოდ, აგროდაზღვევის, მშენებლების პასუხისმგებლობის და სამედიცინო დაწესებულებათა პროფესიული პასუხისმგებლობის მიმართულებით ბაზრის განვითარების შესახებ საკითხები.
მხარეებმა ასევე, იმსჯელეს სიცოცხლის დაზღვევის სახეობის განვითარებაზე, რომლის თაობაზეც მომდევნო წლის დასაწყისში დამატებითი სამუშაო შეხვედრები დაიგეგმა.