საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია გაიმართა
18 ნოემბერს, საერთაშორისო სადაზღვევო მედია კომპანიის (www.xprimm.com) ორგანიზებით, საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებას ფრანკფურტის გოეთესა და ლუვენის უნივერსიტეტების პროფესორი კარელ ვან ჰულე უძღვებოდა. კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, ღონისძიება ონლაინ რეჟიმში წარიმართა, მასზე დასწრება ყველა დარეგისტრირებულ პირს შეეძლო. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი სადაზღვევო ბიზნესის წარმომადგენლებმა. (იხ. კონფერენციის პროგრამა).
კონფერენციის მთავარი თემები, პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით, პანდემიის პერიოდში ევროპასა და საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე გამოწვევები იყო, ასევე სადაზღვევო სისტემის დიგიტალიზაციის აქტუალობა და მისი მნიშვნელობა, სფეროს განვითარების მიზნით. ადგილობრივი და უცხოური კომპანიების წარმომადგენლებმა ბიზნესის განვითარების სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს, სადაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სიცოცხლის, აგრო და სხვადასხვა სახის მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობების განვითარების მიმართულებით.
დავით ონოფრიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს 2020 წლის 9 თვის მონაცემების მიხედვით, სადაზღვევო ბაზრის მდგომარეობა გააცნო და აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიისა, სადაზღვევო ინდუსტრიას, 2019 წლის 9 თვესთან შედარებით, მოზიდული პრემიისა და მოგების მაჩვენებლით, უკეთესი შედეგი აქვს. თუმცა, მისივე განმარტებით, ეს ძირითადად პანდემიამდე პერიოდში სადაზღვევო ბაზრის საკმაოდ მაღალი ტემპით ზრდამ განაპირობა. პანდემიის პირობებში მნიშვნელოვნად შემცირებულია, როგორც სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის, ასევე, სამოგზაურო, საავიაციო და მესამე პირის მიმართ პასუხისემგობლის დაზღვევა.
საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია სადაზღვევო ბაზრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება და ბიზნესთან დაკავშირებული შეხედულებების გასაცვლელად, ყველაზე მაღალი დონის პლატფორმაა. კონფერენციაზე საკუთარ მოსაზრებებს, შეხედულებებსა და სამომავლო გეგმებს ერთმანეთს უზიარებენ ადგილობრივი და უცხოური სადაზღვევო კომპანიები, ბროკერები, IT პროვაიდერები, საჯარო სექტორის, ფინანსური ინსტიტუციებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციის მთავარ უპირატესობებს წარმოადგენს: საერთაშორისო სადაზღვევო ბაზრებზე უკანასკნელი ტრენდების აღმოჩენა, ფინანსურ ბაზრებზე ახალი ტექნოლოგიების ზეგავლენისთვის მომზადება, გამოცდილების გაზიარება, წარმატებული კომპანიების მაგალითების წარმოჩენა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია 2019 წელსაც გაიმართა, სადაც ასევე სადაზღვევო ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
იხ. კონფერენციის ბმული: - Georgian International Insurance Conference - 2nd Edition