სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესახებ

 
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის განვითარების მოკლე ისტორია
 
საქართველოში საბაზრო ეკონომიკის განვითარების საწყის ეტაპზე,  მიმდინარე სოციალურ–ეკონომიკურმა რეფორმამ და შესაბამისად, სადაზღვევო სისტემის განვითარების აუცილებლობამ გამოიწვია საქართველოს პარლამენტის მიერ 1997 წლის 2 მაისს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება, რომელიც რიგი ცვლილებებითა და დამატებებით დღესაც მოქმედებს.
კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 29 ივნისის ბრძანებულების თანახმად, სადაზღვევო საქმიანობის ზედამხედველობისა და  რეგულირებისათვის შეიქმნა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, რომელიც საწყის ეტაპზე წარმოადგენდა დამოუკიდებელი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას.
2001 წლის 20 ივნისის „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში გატარებული ცვლილებებისა და ამავე წლის 16 სექტემბრის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური საქვეუწყებო დაწესებულებიდან გარდაიქმნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2007 წლის 11 ივლისს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში გატარებული ცვლილებების თანახმად სამსახურმა, როგორც დამოუკიდებელმა საჯარო სამართლის იურიდიულიმა პირმა,  ამგვარი ფორმით შეწყვიტა ფუნქციონირება და მის სამართალმემკვიდრედ გამოცხადდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.
 
2008 წლის 14 მარტს კვლავ განხორციელდა ცვლილება–დამატებები „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში და სადაზღვევო სექტორზე საზედამხედველო ფუნქციები შეითავსა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტომ – „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით შექმნილმა ორგანომ, რომელიც ახორციელებდა ზედამხედველობას  ზოგადად საფინანსო სექტორზე.
2009 წლის 24 სექტემბერს გატარდა ცვლილება–დამატებები  „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში და სადაზღვევო სექტორზე საზედამხედველო ფუნქცია შეითავსა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ხოლო სამსახური გადაიქცა მის ერთ–ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფად (დეპარტამენტი).
 
2013 წლის 20 მარტს „დაზღევვის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები და დამატებები, რომელთა საფუძველზე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ–ერთი სტრუქტურული ერთეულიდან (დეპარტამენტი) გარდაიქმნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2013 წლის 02 მაისს დამტკიცდა სამსახურის დებულება, რომლის თანახმადაც განისაზღვრა, რომ სამსახური თავის საქმიანობაში  დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამსახურმა მთლიანად შეითავსა ეროვნული ბანკის უფლება–მოვალეობები დაზღვევისა და საპენსიო სქემების ზედამხედველობის საკითხებში.